საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 16 იანვრის 06:00 საათამდე ღამის კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებში დასაშვებია საკლუბო ღონისძიებების გამართვა.
“დასაშვებია 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 16 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით, დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 14 იანვრიდან.” – წერია დადგენილებაში.
მანამდე კლუბმა ბასიანმა გაავრცელა განცხადება, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 14 და 15 იანვრის დაგეგმილი საკლუბო ღამეები ამ ეტაპისთვის, იქნება ბოლო, რომელიც მათ სივრცეში გაიმართება.
“სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ.
BASSIANI/HOROOM ყოველთვის იდგა პასუხისმგებლობის მქონე, ზრუნვასა და უსაფრთხო სივრცის იდეაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ამ იდეის მნიშვნელობა გააზრებული აქვს კლუბის ერთგულ სტუმრებსა და გულშემატკივრებს.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევხვდებით”, – წერია განცხადებაში.