ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის დაწყებით მოსახლეობა მნიშვნელოვან შეღავათს მიიღებს და ბაზარზე წამლებს შორის კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება.
„წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანას რაც შეეხება, ჩვენი გათვლებით, მოლოდინით, აღნიშნული ხელს შეუწყობს თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით წამლისა და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში. ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ ქვეყნიდან და ყველა სხვა იმპორტირებული ქვეყნიდან წამლების ხარისხის და ამასთან დაკავშირებული სერტიფიკატის, დოკუმენტაციის გადამოწმების, კონტროლის კუთხით. სრულად ვართ პასუხისმგებელი, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები კონკურენტული იქნება.
რამდენიმე თვის წინ პრემიერის დავალებით, კონკურენციის სააგენტოს დაევალა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ბაზრის მოკვლევა, მიმოხილვა და ყველა იმ ნიუანსის გავლა, რაც შეიძლება, რომ მედიკამენტების გაიაფების კუთხით გაკეთებულიყო ქვეყანაში. ერთ-ერთი საკითხი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. ასევე, მათ აქვთ დამატებით 13 რეკომენდაცია. ეს რამდენადაც ვიცი, საჯარო იყო, გამოქვეყნდა. პირველი ეტაპი, რაც ჩავთვალეთ, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელი იყო, ესაა თურქეთის ბაზრის გახსნა. რაც შეეხება 200 მედიკამენტს, ამ მედიკამენტების ჩამონათვალში არის მედიკამენტები, მაგალითად, თურქეთში რომ ღირს ხუთი ლარი, ხოლო საქართველოში სხვა ქვეყნის წარმოებული იგივე მედიკამენტი, იგივე ბრენდით დაახლოებით იყიდება ათჯერ მეტ ფასად. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე თურქეთში მიდიოდა, აბარებდნენ მედიკამენტებს და შემოჰქონდათ მცირე რაოდენობით, ჩანთებით. საქართველოში გასაყიდი ფასი ამ მედიკამენტებზე უნდა გაიაფდეს. სრულად არის გახსნილი თურქეთის ბაზარი და რა ხარისხსაც მოვითხოვთ იმპორტიორებისგან, შესაბამისი სერტიფიკატებით შემოვა მედიკამენტები. იქნება 200, 300 თუ 500 მედიკამენტი, ამას უკვე ბაზარი გვაჩვენებს. ჩვენ არ გაგვიხსნია კონკრეტული მედიკამენტებისთვის, გავხსენით თურქეთის ბაზარი“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.