სოციალურად დაუცველები ელექტრო ენერგიაზე მთავრობის სუბსიდიას მიიღებენ

by ვაჩე ხრიკული
0 comment

ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა და მთავრობის ახალი მიდგომა განმარტა. მისი თქმით, პანდემიის გამო 2020 წელს გაზრდილი ინფლაციის გამო, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მთავრობის სუბსიდიით აღარ გაუძვირდებათ ელექტრო ენერგია.

„მთავრობის გადაწყვეტილება, 2022 წლის განმავლობაში, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები ქულა) ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირების შესახებ არის სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს მთავარი გამოწვევაა ინფლაცია, ფასების ზრდა. სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეს რეალურად ესაჭიროებათ და ყველაზე მეტად წაადგებათ.

მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში, კოვიდპანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება. 2020-ში და 2021-ში, სხვადასხვა პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხდებოდა სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა, ეს სუბსიდია ყოველთვის იყო მიბმული მოხმარებული კილოვატების ოდენობაზე, რაც საბოლოო ჯამში, განპირობებული იყო, ასე ვთქვათ, რთული ეკონომიკური ვითარებით. იყო პანდემიის პიკი, ახალდაწყებული კოვიდპანდემია და რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა გამართლებული იყო, მაგრამ ზოგადი ხედვაა, რომ ასეთი სუბსიდია უნდა იყოს მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ყველაზე მეტად წაადგება.

აქედან გამომდინარე, მთავრობამ უარი თქვა იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან, ამ შემთხვევაში, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, რადგან სხვადასხვა კომუნალური ხარჯი ერთნაირად უსუბსირდებოდათ როგორც შეძლებულ, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომ, ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და, კონკრეტულად, ტარიფების სუბსიდირება ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი და მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია. ეს იქნება სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნომერ პირველი გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მეტად წაადგება“– განაცხადა ნათია თურნავამ.

You may also like

Leave a Comment