„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც, სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თემქაზე, ზღვის უბანში, სანატორიუმ “ქართლში” მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროსი აქვთ კონკრეტული ხედვა, თუ როგორ მოაგვარონ დევნილთა პრობლემები. მან ჟურნალისტებს სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო.
სანატორიუმ „ქართლში“ და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმებს უნდა მივყვეთ და იმ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პერიოდულად დევნილებს ეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი და ჩვენ გამჭვირვალედ მივყვებით ამ პროცესს და იმ დათქმულ ვადებში ამ პირობებს შევასრულებთ.
რაც შეეხება დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს, მოკლე სტატისტიკას მოგიყვანთ: 2004-დან 2012 წლამდე სულ ბინა გადაეცა 18 ათასზე ცოტა მეტ დევნილს, 2012-დან 2021 წლებში ეს იყო 27 ათასზე მეტი ოჯახი, ვინც დაკმაყოფილდა ბინებით. ჩვენი მომდევნო 3 წლის სტრატეგია არის, მინიმუმ 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, მაგრამ ეს არის მინიმუმი და ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. ჯამში გვრჩება 46 ათას ოჯახამდე, რომელთაც ეტაპობრივად დავაკმაყოფილებთ.
გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან,“- განაცხადა მინისტრმა.
გუშინ საღამოს, სანატორიუმ “ქართლში” მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების ცნობით, მან თავი მოიკლა, რადგან ხელისუფლება მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევდა და პროტესტის უკიდურეს ფორმას სწორედ ყურადღების მისაქცევად მიმართა. დევნილები პოლიციას მამაკაცის ცხედარს არ ატანდნენ, სანამ ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროსი და თბილისის მერიის წარმომადგენლები არ მივიდოდნენ და არ გაეცნობოდნენ მათ პრობლემებს. მათი თქმით, ისინი ექსპერტიზის თანამშრომლებსა და სამართალდამცავ უწყებებს არ ენდობიან და შიშობდნენ, რომ განვითარდებოდა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ამბავი.
-“წაიღებენ გვამს და მერე იტყვიან, რომ ან მთვრალი იყო, ან ნარკომანი, როგორც საცოდავ ლაშქარავას მოექცნენ” – განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა.