“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება მიუღებელია.” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ ტვიტერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას და ეს ასეც გაგრძელდება.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც.
“დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არ დაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში და ისე მთლიანად რეგიონის ინტერესში.
აქ მნიშვნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად.
“როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ, ნებისმიერი მომენტში ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და თუ საჭირო იქნება პროცესში ჩავერთო“ – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
საკითხზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი ინფორმაციით, უკრაინელ ხალხს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და ექნება.
თემაზე კონსულტაციები გამართეს ოპოზიური ფრაქციის წამომდგენლებმა. საუბარია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე, რომლისთვისც პარლამენტის მხარდაჭერაა საჭირო.
“ვითხოვთ “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციების. აუცილებელია ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში, შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ზომები და ასევე კონკრეტული ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე ჩვენ გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად”, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის აზრით, რეზოლუციის მიღება საკმარისი არაა და კიევში ერთობლივი ვიზიტის განხორციელებაცაა საჭირო.
“აუცილებელია უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი, უმრავლესობის და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის სახელით განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პარალელურად მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს”, – თქვა დეკანოიძემ.
ოპოზიციის თქმით, უკრაინისთვის ამ მძიმე დროს, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთიანობა უნდა აჩვენონ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან.