კახა კალაძე: ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის

by oninfo.ge
0 comment

“დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 40 000 სამგზავრო აბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი და ერთწლიანია.”- ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, დღეის მდგომარეობით ერთი მგზავრობის ღირებულება 32 თეთრი გამოდის.

„დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც – მოქალაქეს შეუძლია, „მეტრომანის“ საშუალებით გადაიხადოს. ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია სხვადასხვა მიმართულებით, მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს.

„ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინეთ – ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი – ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, გაყიდეთ, ჯართში ჩააბარეთ. არანაირი უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თქვენ ისტორიას დარჩებით, როგორც ადამიანები, რომლებმაც დედაქალაქს მოჰპარა ყველაზე ღირებული, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

You may also like

Leave a Comment