,,რუსეთი უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიჭრას”- ბლინკენი

by შორენა პირველი
0 comment

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა დამატებითი ძალები გაგზავნა უკრაინის საზღვარზე და შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს შეჭრა, მათ შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, რომელსაც პეკინი 20 თებერვლამდე მასპინძლობს.

“მარტივად რომ ვთქვათ, კვლავ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, მათ შორის ახალი ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე. შეჭრა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს და ეს მოიცავს ოლიმპიადის პერიოდსაც”,- თქვა ბლინკენმა მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს აშშ-ის საელჩოს შემცირებას უკრაინაში. ბლინკენი იმეორებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას, უკრაინაში მცხოვრებმა ყველა ამერიკელმა დაუყოვნებლივ დატოვოს ქვეყანა.

სამხედრო ინტერვენციის რეალურ საფრთხეზე საუბრობს ნატოს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგის თქმით, არსებობს კონფლიქტის “რეალური რისკი”, რადგან რუსეთის სამხედრო მობილიზება გრძელდება. მისი თქმით,  პოტენციური სცენარები მოიცავს ჰიბრიდულ ომს, ან უკრაინის მთავრობის დამხობის მცდელობებს.

“არსებობს სრულმასშტაბიანი შეჭრის რისკი, მაგრამ ასევე არსებობს სხვა ტიპის აგრესიული ქმედებების რისკი, მათ შორის მთავრობის დამხობის მცდელობები, ჰიბრიდული კიბერშეტევები და მრავალი სხვა სახის აგრესია”,- განუცხადა სტოლტენბერგმა რუმინეთში ჟურნალისტებს.

რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან საუბრისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები შეეცდებიან გააფართოონ ნატოს წარმომადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის საბრძოლო ჯგუფები რუმინეთში და სხვაგან.

You may also like

Leave a Comment