1.3K
,,აეკრძალოთ ქართულ ფოლკლორზე შეხება და საქართველოში შემოსვლა, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს კულტურაზე ხელის დადება”-მუსიკოსი, ფოლკლორისტი ზურაბ ბარბაქაძე ჰოლანდიური ანსამბლის მიერ ქართული ფოლკლორის შეურაცხყოფას ეხმაურება. მუსიკოსი კულტურის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას აკომენტარებს და oninfo-თან ფოლკლორის სფეროში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს.
,,გამიხარდა, რომ კულტურის სამინისტრომ რეაგირება გამოხატა …მარტო სვანური ცეკვა კი არა, ზოგადად, ქართული ფოლკლორია უყურადღებოდ დარჩენილი. აქამდეც უნდა გვეკონტროლებინა მსგავსი რაღაცეები.
მომავალ თაობას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ბევრი კონცერტი ჰქონდეს, ფოლკლორი იგრძნოს და შეისისხლხორცოს. თქვენ თუ გგონიათ მარტო ცეკვა იბილწება, ცდებით. სიმღერაც გვებილწება. ქვეყანაში სადაც ერქომაიშვილი,ზაქაიძე, გონაშვილი, კუბლაშვილი, კურცხალია, ქევხიშვილი და კიდევ ძალიან ბევრი გენია დაიბადა და მღეროდა, ყველა კონკურსი ინგლისურენოვან სიმღერაზეა ორიენტირებული. ვერ ხედავთ? რატომ არ არის თუნდაც ერთი ფოლკლორის ტური? მერე გამოვლენ და ამბობენ, მომღერლები ვართო. თქვენი იყვნენ, ბატონო, ეს მომღერლები, ქართული არ იციან, ფოლკლორი არ იციან, თავისი ტრადიციული და ნაციონალური არ იციან. რატომ არ არის კონსერვატორიაში ხალხური საკრავების განხრა? რატომ არ შემიძლია უმაღლესი განათლება მივიღოთ ნაციონალურ ინსტრუმენტების განხრით? გვაქვს პასუხი? სირცხვილია საქართველოს ამდენი ნაციონალური ინსტრუმენტი აქვს და სასწავლებელი ან განხრა არ არსებობს.
რაც შეეხება სიუჟეტს, რის გამოც გამოთქვამთ აღშფოთებას, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან გაარკვიონ ქორეოგრაფის, იდეის ავტორი! მკაცრად დასაჯოს, ვინც არ უნდა იყოს! აეკრძალოთ ქართულ ფოლკლორზე შეხება და საქართველოში შემოსვლა, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს კულტურაზე ხელის დადება!”-აცხადებს მუსიკოსი ზურაბ ბარბაქაძე.
ცნობისათვის, დღეს გავრცელდა განცხადება, სადაც კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს.