,,მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხე დგას”-გერმანიის კანცლერი

by შორენა პირველი
0 comment

,,მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის 80 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხე დგას,”-ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საუბრობს.

გერმანია “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს. სანქციების პირველ ეტაპზე დასავლეთმა უკვე იმსჯელა. საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში მიიღებენ.

შესაბამისი მოთხოვნით ოლაფ შოლცმა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა. გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბერლინმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ბელგიასა და საფრანგეთში სანქციების მექანიზმებზე აქტიური მსჯელობა დაიწყო.

“პრეზიდენტი პუტინი არამარტო მინსკის შეთანხმებას არღვევს, რომელსაც 2014 წელს თავად მოაწერა ხელი, ის ასევე არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებს. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იმსახურებს ჩვენს უდიდეს პატივისცემას, რადგან ის არ უშვებს უკრაინის მხრიდან რუსეთის პროვოკაციაზე წამოგებას, რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ამას ელოდება, რათა საბაბი ჰქონდეს, უკრაინის ოკუპაცია მოახდინოს. ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ სანქციების პირველი პაკეტის შესახებ ვიმსჯელეთ და შესაბამის გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში მივიღებთ.

დღევანდელი ვითარება ფუნდამენტურად განსხვავებულია, ამიტომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ეს სიტუაცია უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, მათ შორის “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაზსადენის კონტექსტში. დღეს მე ვთხოვე ეკონომიკის ფედერალურ სამინისტროს, უკან გამოიწვიოს არსებული ანგარიში ფედერალური ქსელის სააგენტოში მიწოდების უსაფრთხოების შესახებ. მართალია, ეს ტექნიკურ ნაბიჯად ჟღერს, თუმცა ეს აუცილებელი ადმინისტრაციული წინაპირობაა, რათა ამ დროისთვის გაზსადენის სერტიფიცირება არ მოხდეს. ამ სერთიფიკატის გარეშე, “ჩრდილოეთ ნაკადი 2” ექსპლუატაციაში ვერ შევა. ამ ფაზაში მნიშვნელოვანია, გარდა პირველადი სანქციებისა, შემდგომი ესკალაცია და, შესაბამისად, კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული. მთელი ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა სწორედ ამისკენაა მიმართული. ეს ძალიან მძიმე დღეები და საათებია ევროპისთვის – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის 80 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხე დგას.”- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

You may also like

Leave a Comment