“აცრილი ვარ ორჯერ, ბუსტერი არ მაქვს გაკეთებული, აზრი არ აქვს…ერთი მინისტრი ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა ომიკრონი, თქვენ ამიხსენით ახლა, რა ხდება, ვარ თუ არა მართალი?!”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა. პრემიერი აცხადებს, რომ ის არ არის აცრის წინააღმდეგი, თუმცა საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.
,,ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან, მე, რომელმაც 5 მლნ ვაქცინა შემოვიტანე. კივიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი ფაიზერით. მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს. მათაც არ იციან, რეალურად რა არის ომიკრონი. ეს არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ის რომ ამ შტამზე ვაქცინა არ მუშაობს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორ ფაუჩის და სხვა უამრავი მეცნიერის ნათქვამი. მინდა განვმარტო, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე ვარ. მე მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი, მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება ჩემი ახსნები, უყურებს ყველა და ყველა აანალიზებს, რაც ხდება მსოფლიოში. ვაქცინა სხვა შტამებზე მუშაობდა, ომიკრონზე არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, დავარწმუნოთ ის ადამიანები, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, მათზე მოხდეს კონცენტრირება. ასეა თუ ისე, ჩვენ გვაქვს მილიონი ვაქცინა, მე ვთქვი კატეგორიულად, აქ არ იქნება სავალდებულო აცრა, მე ასე მჯერა და ეს ასეც უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა შევუზღუდოთ მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ჰოსპიტალურ სექტორს ახლა საერთოდ არა აქვს დაწოლა, ძალიან მსუბუქად გადაიარა პიკმა. სამწუხაროა ის, რომ სიკვდიალიანობა ჯერ კიდევ გვაქვს, დღეში 30-40 ადამიანი გვიკვდება და ეს არის დიდი პრობლემა.
აცრილი ვარ ორჯერ, ბუსტერი არ მაქვს გაკეთებული, აზრი არა აქვს… ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებს დავეყრდნობი, ომიკრონგადატანილს უფრო მეტი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე ბუსტერდოზით აცრილს. ერთი მინისტრი ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა ომიკრონი, თქვენ ამიხსენით ახლა, რა ხდება, ვარ თუ არა მართალი?!”- აცხადებს ღარიბაშვილი.