საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად მზადაა.
„ჩემი დავალებით, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო ორგანიზებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, იქაც გამოვხატეთ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩემი დავალებით ასევე, უკრაინის ელჩს საქართველოში, გადავეცით გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ხაზს ვუსვამ. ასევე, ევროსაბჭოშიც ჩვენ ასევე სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ და აქ, რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ არსებობს“, – აღნიშნა პრემიერმა.