„თურმე შეიძლება ერთი და იგივე აზრი და გადაწყვეტილება გამოთქვა ისეც, რომ არც თავი შეირცხვინო, არც ქვეყანა, – ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით გამოთქმულ კომენტარებს ეხმაურება. მისი თქმით, სათქმელის სხვაგვარად ფორმულირებით, იმავე გადაწყვეტილებების ფონზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მადლობას დაიმსახურებდა.
“როგორი შეიძლება ყოფილიყო პრემიერ ღარიბაშვილის ტექსტი იგივე დამოკიდებულებებით და გადაწყვეტილებით, მხოლოდ ისე, რომ არც თავი შეერცხვინა და არც სახელმწიფო:
- უარი უკრაინაში ჩასვლაზე შეიძლება გამოთქმულიყო ასეც:
“მიუხედავად იმისა, შევძლებ თუ არა უკრაინაში ჩასვლას, საქართველოს ხელისუფლება და საქართველო მათ გვერდით ვართ. თუ ჩემი ჩასვლა ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შედეგის მომცემი, საქართველოს პრემიერი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ქართველი კოლეგების სოლიდარობა და მხარდაჭერა იგრძნონ. მიუხედავად იმისა, შევძლებ თუ არა უკრაინაში ჩასვლას, საქართველოს ხელისუფლება და საქართველო მათ გვერდით ვართ და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ მათ მხარდასაჭერად”.
- უარი სანქციებზე შეიძლება გამოთქმულიყო ასეც:
“სანქციების მთავარი მიზანია, დააზარალოს ის ქვეყანა, რომელსაც სანქციებს ვუწესებთ. სამწუხაროდ, საქართველოს დღეს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ აქტიური და არსებითი მონაწილეობა მიიღოს სანქციებში. მე ვფიქრობ, უკრაინელი კოლეგებს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების ძალიან კარგად ესმით და გვიგებენ თავიანთთვის და ჩვენთვის რთულ მოცემულობაში. საქართველო იღონებს ყველაფერს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნის შესაძლებლობებშია. ჩვენ ვეძებთ გზებს, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების გათვალისწინებით, გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რომელიც დადებითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნებისათვის.
საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოში მყოფმა უკრაინელებმა მიიღონ მაქსიმალური მატერიალური და მორალური მხარდაჭერა, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ დამატებითი შესაძლებლობები, რათა უკრაინას დავეხმაროთ ჰუმანიტარული მიმართულებით. ჩვენ ვეძებთ გზებს, საჭიროების შემთხვევაში უკრაინის კიდევ მეტ მოქალაქეს თავშესაფარი შევთავაზოთ. ჩვენი რესურსების ფარგლებში ვთანამშრომლობთ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან, სადაც მუდმივად ვუჭერთ მხარს უკრაინის დახმარებებსა და პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის უსაფრთხოებას. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენ, მე, საქართველოს პრემიერი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას გააგრძელებს საქართველოს მხრიდან”.
და ა.შ.
ბატონო პრემიერო, თურმე შეიძლება ერთი და იგივე აზრი და გადაწყვეტილება გამოთქვა ისეც, რომ არც თავი შეირცხვინო, არც ქვეყანა.
ხომ შეიძლებოდა მეტი სული და სიტყვა დაგეხარჯათ იმ დროს, როდესაც უკრაინაზე ლაპარაკობდით და მადლობებსაც მიიღებდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ისე, რომ გადაწყვეტილებები იგივე დარჩებოდა, რაც მიიღეთ.”- წერს არჩილ გამზარდია