,,რუსეთის მიზანია უკრაინის ფედერალიზაცია და მისთვის ლოიალური მთავრობის მოყვანა ხელისუფლებაში“-სოსო მანჯავიძე

by შორენა პირველი
0 comment

უკრაინის სწრაფვას დასავლური სტრუქტურებიკენ კრემლი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით პასუხობს. უკრაინა მესამე დღეა რუსეთის თავდასხმების მოგერიებას ცდილობს. კოლექტიური დასავლეთი მოსკოვს ,, აღშფოთებით“ უპირისპირდება და სანქციებს უწესებს. დასავლეთისგან ფაქტობრივად, მიტოვებული უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს მიმართავს და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. კრემლი დიალოგისთვის მზაობას მხოლოდ უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხზე აცხადებს.

,,ვართ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, მარტო დავრჩით. ჩვენთვის ბრძოლა არავის უნდა. მათ არ უნდათ ჩვენი ნატოში მიღება, მათ ეშინიათ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიების მოცემა.  დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე – ყველას ეშინია, პასუხს არ იძლევიან.“-აცხადებს ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე Oninfo-ს პოლიტოლოგი სოსოს მანჯავიძე ესაუბრება:

-ბატონო სოსო, როგორი შეაფასებთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და როგორია ამ პროცესების გეოპოლიტიკური ანატომია?

– რუსეთი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ შეცვლის უკრაინის მთავრობას. მისი მიზანია გაანეიტრალოს უკრაინის ანტირუსიული ნაციონალისტური ელიტა, მიაღწიოს უკრაინის ფედერალიზაციას და მისთვის ლოიალური მთავრობის მოყვანას ხელისუფლებაში, რათა უზრუნველყოს თავისი გავლენა. ამ მიზნის მისაღწევად ის უკან არ დაიხევს, რასაც ორი დღეა ვადევნებთ თვალს.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ კონტექსტს, საქმე ეხება ე.წ. სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციების დაპირისპირებას, რასაც ჯერ კიდევ მე-19, მე-20 საუკუნეებში აღწერდნენ გეოპოლიტიკოსები. ჯერ კიდევ მაკინდერი ამბობდა, რომ საზღავაო ცივილიზაციას, (ბრიტანეთს და შედგომში შტატებიც იგულისხმება)   ყველაფერი უნდა გაეკეთებინა სახმელეთო ცივილიზაციის, ანუ, რუსეთის იმპერიის კონტინენტურ სიღრმეებში შესაკეტად, მოეწყვიტა  ზღვაზე გასასვლელებიდან. ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევდა საზღვაო იმპერიის, ამ შემთხვევაში კოლექტიური დასავლეთის გამარჯვებას. ასეთი რამ მართლაც მოხდა მათივე წარმოდგენაში, როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი. მთელი რიგი  პოლიტიკოსები ზეიმობდნენ, რომ იდეოლოგიური დაბრკოლებები აღარ არსებობს და დასავლეთმა გაიმარჯვა, დამყარდა გლობალური ჰეგემონია შეერთებული შტატების მეთაურობით. ფუკუიამამ ისტორიის დასასრულიც გამოაცხადა. თუმცა, ეს გულუბრყვილო წარმოდგენები იყო. როდესაც სისტემა გამოდის მწყობრიდან, სისტემის შიგნით აღმოცენდება ძალა, რომლებიც წონასწორობისკენ უბიძგებს მას. ეს პროცესი დავინახეთ ჩვენ 1998 წლიდან, როდესაც დაიწყო რუსეთ-ჩინეთის დაახლოება და რუსეთის გაძლიერება, რაც აბსოლუტური მოულოდნელობა აღმოჩნდა დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის. ამ  პროცესის ნაწილად თუ განვიხილავთ უკრაინას, ყველაფერი ნათელი გახდება. გავიხსენოთ მაკინდერის ცნობილი ფორმულა,  რომელსაც შემდეგ  ბზეჟინსკი იმეორებდა, ,,ის ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას, ფლობს მსოფლიო კუნძულს (იგულისხმება ევრაზია მთლიანად  და აფრიკის კონტინენტი), ის ვინც ფლობს მსოფლიო კუნძულს, ბატონობს მსოფლიოზე.“ შესაბამისად, ზეწოლა, რაც ნატოს გაფართოების კუთხით ხორციელდება, არის კისინჯერის ,,რგოლის“ პოლიტიკა,  იგივე ადმირალი მეჰენის ,,ანაკონდას მარყუჟი“. ეს  პოლიტიკა გულისხმობს რუსეთის მაქსიმალურ შეკეტვას სახმელეთო სიღრმეებში და ანაკონდას მარყუჟით მოგუდვას. უკრაინა ამ პროცესის ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენ  ვხედავთ დაძაბულობის რკალს, ვნახეთ რა პროცესები იყო ბელარუსში, ამიერკავკასიაში, ყირგიზეთსა თუ ყაზახეთში ფერადი რევოლუციების სახით, ჩვენს ბედნიერებასაც ვხედავთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა,  ფინანსირდება და მასში მონაწილეობას დასავლეთის შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ. მეორეს მხრივ, თუ ზეწოლა შესუსტდება  კონტინენტალურ ძალებზე, რუსეთსა და  ჩინეთზე, ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები და ამასაც ვხედავთ.

ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვწერდი, თუ ზეწოლა გაგრძელდება იმ ფორმებით, რა ფორმითაც მიმდინარეობს და კვლავ შეეცდებიან ცეცხლის ხაზის სიღრმისკენ გადმოწევას, პროცესებმა შეიძლება უმართავი ხასიათი მიიღოს. ეს შესაძლოა გამოიხატოს ატომური იარაღის გამოყენებითაც კი. თვითონ ატომური იარაღის არსებობამ განაპირობა ის, რომ ვერ იწყება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ პრობლემები, რომელიც განუწყვეტლივ გროვდება პოტსდამის ზავის შემდეგ, სულ უფრო შეუქცევად ხასიათს ატარებს. ზესახელმწიფოები ერთმანეთს პირდაპირ ვერ ებრძვიან, მაგრამ მოკავშირეების მეშვეობით ომობენ. დაახლოებით ისე,  როგორც ჭადრაკში სწირავენ პაიკებს. იმისთვის, რომ პაიკი იყოს პაიკი და არ დაენანოს თავის გაწირვა, სახელმწიფო ორგანოებს კომპრომეტირებული აგენტურით აკომპლექტებენ, რათა  მათ საკუთარი ქვეყნების ინტერესები მარტივად  გაწირონ გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე. აი, ეს პროცესია. ამიტომ ვხედავთ ამ საოცარ პანოპტიკუმს პოლიტიკურ ველზე, იგივე უკრაინაში, სადაც პირდაპირ კომიკოსი დასვეს პრეზიდენტად. ამასობაში ეს ძალიან მძიმედ უჯდება უკრაინას. პირდაპირ ვაჭრობა მიდის გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის, მათაც არ გადაუწყვეტიათ საბოლოოდ როგორ უნდა დალაგდეს, ხოლო ზელენსკი თამაშობს თავგანწირული პრეზიდენტის როლს. აი, ეს ვითარებააა.

აღსანიშნავია, რომ  მსოფლიოში გეოპოლიტიკური გავლენების გადანაწილების პროცესში ჩართულია არა მარტო აღმოსავლეთ ევროპა, კერძოდ უკრაინა, არამედ ბევრი სხვა რეგიონიც. გეოპოლიტიკური გადანაწილების ცენტრი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში- ტაივანია. ასევე პიკს უახლოვდება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში. საუბარია ირანის მისწრაფებაზე მიიღოს ატომური იარაღი, რაც ისრაელის საშინელ გაღიზიანებას იწვევს.

ეს სამი ცხელი წერტილი, უკრაინა, ტაივანი, ირანი ერთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილება?

-რა თქმა უნდა… მესამე მსოფლიო ომი რომ არ არის, განპირობებულია იმით, რომ ზესახელმწიფოებს აქვთ ერთმანეთის მრავალჯერადი განადგურების ინსტრუმენტები. ათასობით ბირთვული ქობინი, რომელთა გამოყენების შემთხვევაში მოწინააღმდეგეთა განადგურება მრავალჯერადად შეიძლება. ბირთვულ ტრიადაში შეერთებული შტატები და რუსეთი კვლავ  ლიდერობენ. რუსეთის და შეერთებულ შტატების პოტენციალი ეკონომიკური თვალსაზრისით შეუდარებელია, მაგრამ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთმა ბირთვული იარაღი შეინარჩუნა სადაზვერვო საშუალებებთან ერთად. ამასთან ერთად რუსეთმა მოახერხა და დაამყარა საკმაოდ ახლო ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც თავის მხრივ, ცდილობს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაპირისპირება თავისი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს. აქ მეგობრები არ არსებობენ, არსებობენ ინტერესები. ჩინეთის და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა იმაში, რომ მათ არ უნდათ იყვნენ ერთპოლუსიან სამყაროში და მთელ რიგ საკითხებში ერთიან პირობებს უყენებენ შეერთებულ შტატებს.

– მოსკოვის მიერ ლუგანსკის და დონბასის ცნობის შემდეგ აზერბაიჯანმა რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო. რას ნიშნავს ეს ფაქტი?

-არა მგონია ალიევმა ცნოს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები. ეს არავის აწყობს, ვინაიდან შემდეგი მსხვერპლი თვითონ შეიძლება აღმოჩნდეს. ალიევი ძალიან ოსტატურად მოქმედებს. პოლიტიკაში ერთმნიშვნელოვანი ხისტი მიდგომები არ არსებობს. რაღაცაში შეიძლება დაეთანხმო, რაღაცაში-არა, მაგრამ თუ კედელთან მიგაყენეს და ძალიან დასუსტებული ხარ, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკაში მანევრირების საშუალება ნაკლებია. ალიევი დაოსტატებული, ჩამოყალიბებული ძლიერი მმართველია. შესაბამისად, მისი სწირხაზოვან მოქმედებებზე დამოკიდებულება რთულია. მას ვერ მოუწყვეს რევოლუცია, თუმცა იყო მცედლობები.

პუტინის მიერ ისტორიული ექსკურსების გაკეთებამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო თვითონ პუტინი. მან დეზავუირება გააკეთა მთელი იალტის კონსტრუქციის და იმ შეთანხმებების, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა. გვახსოვს როგორი ინსტრუმენტები გამოიყენა რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ, იგივე აფხაზეთის და ცხინვალის საკითხში. როგორი პროპაგანდა მიმდინარეობდა. საქართველო დაადანაშაულეს, ეთნოწმენდა განახორციელეს. ჩვენი ხმა არ ისმოდა, სრულიად გვახშობდნენ. დღეს რა დაემართათ მათ, დავაკვირდეთ. ყირიმშიც, დონბასშიც და ლუგანსკშიც თითქმის სულ  რუსები ცხოვრობენ და დღეს ზუსტად ისევე ახშობენ მათ ხმას.  პუტინს რომ ადამიანის უფლებებით გაემართლებინა ეს აქტი, კიდევ მართალი იქნებოდა, მაგრამ მან აბსოლუტურად ყველაფერი ყირაზე დააყენა. ფაქტობრივად თქვა, რომ მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. თუ მსოფლიო წესრიგი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ძალა. რამდენად არის რუსეთი მხოლოდ ძალით თავისი ინტერესების დამცველი, როცა მასაც ჰყავს პრეტენზიებით მეზობლები, და არა მხოლოდ მეზობლები, ამის პროგნოზირება ძნელია.

 –გაზ­სა­დენ “ჩრდი­ლო­ე­თი ნა­კა­დი-2“-ის­თვის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბის შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებას მედვედევი გამოეხმაურა და განაცხადა: ,,კე­თი­ლი იყოს მა­მაც სამ­ყა­რო­ში თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა, სა­დაც ძა­ლი­ან მალე ევ­რო­პე­ლებს მო­უ­წევთ 2 000 ევ­როს გა­დახ­და 1000 კუ­ბუ­რი მეტ­რი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის­თვის“. სანქციები, რომელიც რუსეთს ემურება, მოახდენს თუ არა სერიოზულ ცვლილებას კრემლის საგარეო პოლიტიკაზე?

-ეს უკვე ინტერპრეტაციებია. რაც მეტად გაუძვირებს რუსეთი გაზს, ევროპა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყებს ზრუნვას გათავისუფლდეს რუსეთზე დამოკიდებულებისაგან. ეს პროცესი დაწყებულია. იგივე, პოლონეთს გამოჰყავს გაზსადენი ნორვეგიიდან. ალჟირიდან და სხვა ადგილებიდან ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ მოწოდება. ეს რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში არ გადაწყდება, მაგრამ მალე მიიღებს შეუქცევად ხასიათს. როგორც მედვედევი აცხადებს, ასეც არ არის, საკმაოდ მძიმე იქნება რუსეთისთვის ევროპის ბაზრის დაკარგვა. ამით ცხადია, ისარგებლებს ჩინეთი, რადგან  ის ფაქტიურად ერთადერთი მომხმარებელი ხდება. ანუ, ასეთი ცინიკური საუბარი არ შეესაბამება სინამდვილეს, ჩვენ ობიექტურად უნდა შევხედოთ, რა ხდება.

უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 680 მლრდ დოლარს შეადგენს, 3000 ტონა ოქროს მარაგი ჰქონდათ შარშან. ამის გარდა, რუსეთი სპეციფიკური ქვეყანაა. ეს ,,დერჟავნიკული“ ხალხია და ქამრების შემოჭერას არავის დაამადლიან. მოლოდინი, რომ გარკვეული სახეობის პროდუქტების არ გაგზავნის შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება, ძალიან გულუბრყვილოა. მათ აქვთ უზარმაზარი რეზერვები. რუსეთის მოსახლეობა შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის 1,5 %-ს და ფლობს მსოფლიო რესურსების 50%-ს. იმაზე საუბარი, რომ რუსეთი დაბალტქენოლოგიურია და ვიღაცეები ღარიბად ცხოვრობენ, პროპაგანდისტულია, როცა საკითხი გეოპოლიტიკას ეხება ეს არგუმენტი არ არის.

რუსები ხედავენ რომ დასავლეთისგან სამხედრო თვლსაზრისით არანაირი წინააღმდეგობა მოსალოდნელი არ არის. როგორ წარმოგიდგენიათ ვინ იომებს რუსეთის წინააღმდეგ?  რომელი ქვეყნის მთავრობა გამოუცხადებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას, ვაცხადებ მობილიზაციას და დავიძრათო. გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი თუ   შტატები? ეს ხომ აბსურდია! რუსები კარგად ხედავენ, რომ მათთვის სამხედრო წინააღმდეგობის გამწევი არავინ არის. ჩვენ ძალიან გიჭერთ მხარს და ამიტომ გავრბივართო, უკრაინას გამოუცხადეს. ცნება ,,მოკავშირეობის“ მნიშვნელობა დაიკარგა. ამას ხედავენ რუსები და დაუსჯელობის სინდრომით მოქმედებენ. რა თქმა უნდა, უკრაინა ამ შემთხვევაში მსხვერპლის როლში გამოდის.

-რა გეოპოლიტიკური წინაშე დგას საქართველო?  როგორ შეიძლება ასახოს ჩვენზე მთელი ეს პროცესი?

 -საქართველოში რუსეთი შეეცდება პოლიტიკური ლანდშაფტი თავის სასარგებლოდ შეცვალოს და ამისთვის მის ხელთ არსებულ ყველა გეოპოლიტიკურ ბერკეტს გამოიყენებს.  ეს შეიძლება ძალიან მძიმე ფორმებით მოხდეს. ქართული დიპლომატიის ამოცანა უნდა იყოს, გავერკვიოთ რა სახის გარანტიები შეიძლება მოგვცეს დასავლეთმა, რომელიც გვეუბნება, რაც შეიძლება ხისტი პოზიცია დავიკავოთ რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი გარანტია რომ არ არის, ვხედავთ. არავითარი ნატოს სამხედრო მხარადაჭერა ჩვენ არ გვექნება, პოლიტიკური რეალობაა ასეთი. მეორე საკითხია,  მაქსიმალურად შევეცადოთ, იგივე და კიდევ უარესი პროცესები  არ განვითარდეს ჩვენთან. დიპლომატიური მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, ამისთვის სუბიექტურობა გვჭირდება, რაც არა გვაქვს, ისევე როგორც უკრაინას. იმ მიზეზთა გამო, რომ გეოპოლიტიკური მოთამაშეები შუამდებარე ზოლში მყოფ ქვეყნებში თავიანთ მარიონეტულ ხელისუფლებებს სვამენ, რომლებიც მაქსიმალურად დაშორებული არიან საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. გამოსდით თუ არა ეს, ცალკე საკითხია და ჩვენ უნდა შევეცადოთ, მათ ეს არ გამოუვიდეთ. ჩვენი ეროვნული ინტერესი დავიცვათ, ეს არის დეზინტეგრაციული პროცესების შეჩერება, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სხვ. მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილის განცხადება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია. რაც შეეხება, ნაყიდ პოლიტიკუმს, ენჯეოსექტორს, მედიებს ისინი ყოველდღიურად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას და მიკვირს იმ ადამიანების, ვინც დაიჯერა, რომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში გახდნენ პატრიოტები, ცხადია, ეს ასე არ არის… იდეოლოგიური სისულელები, რომელიც თავს გვაქვს მოხვეული უნდა უკუვაგდოთ და ფრთხილად  ვიყოთ…

You may also like

Leave a Comment