რით ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას? დემოკრატიული სამყაროს იმედად ვარსებობთ ხომ? და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა და ესაა პრემიერის რიტორიკა, რისი იმედი გვაქვს ხვალ? – „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მიმართა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
„რით ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას? დემოკრატიული სამყაროს იმედად ვარსებობთ ხომ? და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა და ესაა პრემიერის რიტორიკა, რისი იმედი გვაქვს ხვალ? სახელმწიფოებრივი ინტერესი ხომ ისაა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს? დღეს, როდესაც უპრეცედენტო ერთიანობაა დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს მხრიდან, ხომ შეიძლება ჩვენც გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები? ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვა არაა სწორი, სომხეთის გამო, მაგრამ ხომ შეიძლება ვიფიქროთ სანქციებზე, რომელიც უკვე გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით? ხომ შეიძლება დონეცკის და ლუგანსკის მიმართ, მათი ამღიარებლების მიმართ გავაკეთოთ სანქციები? ეს არ ანგრევს ეკონომიკას, ეს არ არის სახიფათო. ახლა ამ სუპერდაპირისპირების ფონის ნაცვლად, იქნებ უნდა ვფიქრობდეთ ერთობლივ დელეგაციაზე რომ ბრიუსელში ჩავიდეთ? იქ ახლა ჩვენი საკითხის განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ იქ უნდა ვიყოთ ფიზიკურად. რომ პრეზიდენტისთვის აქედან მიგვემართა, საქართველოს პარლამენტის საერთო რეზოლუციით, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების მცდელობაში. ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, რადგან არის მართლა უბედური ვითარება, მაგრამ ამ ვითარებას ახლავს შანსები და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული და არა ერთმანეთზე შეჯიბრით, ვინ უფრო მაგრად შეიგინება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.