უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო „Reuters“-თან ინტერვიუში მოლაპარაკებისთვის აუცილებელ წინაპირობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მინიმუმ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა მაინც უნდა შეჩერდეს, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრონ.
ზელენსკის განმარტებით, რუსი ოკუპანტები ამ ეტაპზე მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან იმ მიზნით, რომ მოლაპარაკების დროს რუსეთის დელეგაციამ უკრაინაზე ზეწოლის მოხდენა შეძლოს და დისკუსიები რაციონალურად არ წარიმართოს.
უკრაინის პრეზიდენტმა იარაღის მიწოდებისთვის და ფინანსური დახმარების გაწევისთვის ნატოს წევრ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა, ამავდროულად გამოთქვა წუხილიც, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები ოკუპანტების უკრაინაში შეჭრამდე არ გაატარა.
„დასავლეთს რომ მკაცრი სანქციების პაკეტი დაეწესებინა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიანი ომი არ დაიწყებოდა“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის დახმარებით საკუთარ თავს იცავენ, რადგან რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური საფრთხე მათაც დაემუქრებათ.
მისივე თქმით, იარაღით დახმარების გარდა, უკრაინას ნატოსგან ქვეყნის თავზე ცის გადაკეტვა სჭირდება, თუმცა ბაიდენი თვლის, რომ ნატოს მხრიდან ეს „არადროული“ ნაბიჯი იქნება.
„ეს არ არის ნატოს ჩათრევა ომში. გულწრფელად რომ ვთქვა, ომში უკვე დიდი ხანია ყველა ჩათრეულია, მაგრამ ეს უკრაინას არ გაუკეთებია – რუსეთმა ჩაითრია. ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. და ყველა ფიქრობს, რომ ეს ასე მალე დასრულდება“. – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაც მოსთხოვა.
„თუ ალიანსი არაა მზად, მიიღოს უკრაინა ნატოში, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები უნდა შეიმუშაოს“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ორშაბათს, პირველ მარტს ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ბაიდენს უკრაინისთვის აღმოსაჩენი დახმარებისა და იმ სანქციების შესახებ ესაუბრა, რომელიც რუსეთს უნდა დაუწესდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიმართა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა ითხოვა. ზელენსკი ევროპარლამენტის წინაშეც გამოვიდა და აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანური სიცოცხლისთვის იბრძვიან და ასე იცავენ ევროპულ ღირებულებებს. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც ითხოვა. მის გამოსვლას ევროდეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს უკრაინის ხელისუფლებამ აშშ-ს მიმართა და ქვეყნის თავზე ცის ჩაკეტვა ითხოვა. ასე უკრაინას ავიადარტყმების საფრთხის მოლოდინის გარეშე ხმელეთზე ბრძოლის საშუალება მიეცემოდა, თუმცა აშშ-მ უარი განაცხადა. როგორც ამერიკულმა მხარემ განმარტა, ამ შემთხვევაში, ნატოს რაკეტების და რუსი ოკუპანტების ავიაციის განადგურება მოუწევდა, ეს კი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩართულობას ნიშნავდა.