“საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული” – ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ დისკრიმინაციული კამპანიაა დაწყებული.
„აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმითვე, კერძო კომპანიები რუს მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და “დისკრიმინაციულ დათქმებს” უწესებენ.
“ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს”, – განაცხადა კობახიძემ.