ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა – აღნიშნული ინფორმაცია პრემიერის ოფისმა დაადასტურა.
მოლაპარაკება, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, უკრაინის საკითხს ეხებოდა და საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო აშშ. ამასთან, შეხვედრას კოორდინაციას გერმანია და საფრანგეთიც უწევდნენ.
რამდენიმე დღის წინ, ისრაელის პრემიერმინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ლიდერებთან. დასავლური პრესა წერდა, რომ რამდენიმე დღით ადრე ბენეტმა მოსკოვში ვიზიტი ფარულად განახორციელა.
Associated Press-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერი რუსეთში შაბათს დილით გაემგზავრა მისი კაბინეტის წევრ ზეევ ელკინთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ორივე პოლიტიკოსი მორწმუნე ებრაელები არიან ჩვეულებისამებრ, შაბათს არ მოგზაურობენ.
გამოცემის ინფორმაციითვე, ისრაელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს როგორც რუსეთთან ასევე უკრაინასთან. ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, მაგრამ ასევე ინარჩუნებს კავშირებს მოსკოვთან, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელისა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები სირიაში ერთმანეთთან კონფლიქტში არ აღმოჩნდებიან.