რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მთავრობას იმ ქვეყნების სიის შედგენა დაავალა, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „გაზეტა.რუ“ს ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულების შესასრულებლად მინისტრთა კაბინეტს 2 დღიანი ვადა აქვთ.
პუტინის განკარგულებითვე, რუსულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მყოფი კრედიტორებისთვის ვალის რუბლებში დაბრუნების უფლება მიეცათ.
ცნობისთვის, მსგავსი სია რუსეთის მთავრობამ გასული წლის მაისში უკვე დაამტკიცა, რომელშიც აშშ და ჩეხეთიც შევიდნენ. ამის საფუძველი კი ის სანქციები გახდა, რომელიც აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსეთის ხელისუფლებას, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დაუწესეს. შეზღუდვები შეეხო თავად რუსეთის პრეზიდენტს – ვლადიმერ პუტინს, თავდაცვის მინისტრს – სერგეი შოიგუს და საგარეო საქმეთა მინისტრს – სერგეი ლავროვს. ევროკავშირმა შეზღუდვები ასევე დაუწესა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს – დიმიტრი მედვედევს და შინაგან საქმეთა მინისტრს – ვლადიმირ კოლოკოლცევს.