„ყველა რუსული სახელმწიფო ტელეარხი გატეხილია“ – Anonymous

ავტორი oninfo.ge
ანონიმუსი

„ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა დღეს რუსული სტრიმინგ სერვისები Wink და Ivi, ასევე ტელეარხები “Россия 24”, “Первый канал”, “Москва 24“ გატეხა  და ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის კადრები და ომის საწინააღმდეგო მოწოდებები გაუშვა.

“ანონიმუსმა” ტვიტერში გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც რუსულ არხებზე პირდაპირი ეთერში ჩანს შეტყობინება ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით.

„ჩვენ – რუსეთის უბრალო მოქალაქეები, გამოვდივართ ომის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთი და რუსეთის მოქალაქეები ომის წინააღმდეგნი არიან!

ეს ომი დაიწყო პუტინის დანაშაულებრივმა, ავტორიტარულმა რეჟიმმა უბრალო მოქალაქეების სახელით. რუსეთის მოქალაქეებო, გამოდით უკრაინაში გენოციდის წინააღმდეგ“ – ნათქვამია შეტყობინებაში.

ცნობისთვის,ჰაკერების და კიბერსპეციალისტების ჯგუფმა „ანონიმუსმა“უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან „რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და სახელმწიფო პროპაგანდისტებს კიბერომი გამოუცხადა

თავდაპირველად ჰაკერებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტი გატეხეს და უწყების თანამშრომლების პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს.

26 თებერვალს, ჰაკერების ქმედებების წყალობით, გაიტიშა კრემლის, „როსკომნადზორის“, რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე რამდენიმე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტები, ხოლო სახელმწიფო ტელეარხებზე უკრაინული მუსიკა გაისმა. ჰაკერებმა ასევე გატეხეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდი, რომლის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს პუტინს და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

5 მარტს რუსეთის ხელისუფლება Apple-ს მძიმე ჯარიმებით დაემუქრა იმის გამო, რომ მისი მომხმარებლების რუკებზე – Apple maps-ზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  „რუსეთის ფედერაციის ფაშიზმის სამინისტრო“ ეწერა. თუმცა მანამდე, 1 მარტს, Apple-მა შეწყვიტა პროდუქციის გაყიდვა რუსეთის ტერიტორიაზე და გააუქმა Apple Pay გადახდის სისტემა რუსი მომხმარებლებისთვის. ამის გამო ანონიმუსმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ვერგვერდი წაშალა.

Anonymous-მა რუსული სტრიმინგ სერვისები და სახელმწიფო ტელეარხები  6 მარტს  გატეხა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge