„სანამ ბომბი იმ კაფეში არ შეფრინდება, სადაც ისხდებიან, არ დაიჯერებენ, რომ ეს მათაც შეიძლება დაემართოთ. მანამდე ცას არავინ ჩაკეტავს“ – ზელენსკი

by oninfo.ge
0 comment

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი თვლის, რომ ნატო ცის ჩაკეტვას ბოლო წუთამდე გააჭიანურებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ალიანსი კონკრეტული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მიიღებს.

„ხანდახან მგონია, რომ დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენელი… ისინი დასხდებიან კაფეში და სანამ ბომბი მაინცდამაინც იმ კაფეში არ შეფრინდება, არ დაიჯერებენ, რომ ეს მათაც დაემართებათ. მანამდე ცას არავინ ჩაკეტავს…  მე ასეთი შეგრძნება მაქვს. ამას ნამდვილად არავის ვუსურვებთ. და არ გვსურს, რომ მთელმა მსოფლიომ, მთელმა ევროპამ იგრძნოს, ჩვენ როგორ გვტკივა“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსებს საკმარისი გამოცდილება აქვთ, იმისთვის, რომ გაიაზრონ სიტუაცია და ქმედითი ნაბიჯები გადადგან მანამ,  სანამ ხალხს ტკივილი მიადგება.  მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორებს აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა – მათ ცა უნდა ჩაკეტონ. ზელენსკიმ განმარტა, რომ ცის ჩაკეტვა შესაძლებელია ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებით, რომელიც, შესაძლოა, ჩამოიტანონ უკრაინაში.

„ჩვენ უბრალოდ კი არ ვითხოვდით: დაგვეხმარეთ, მოგვეცით, თუ შეიძლება“, ჩვენ ვამბობდით, რომ მზად ვართ, ვიყიდოთ, მზად ვართ, ავიღოთ კრედიტები, მზად ვართ, გავიღოთ უკანასკნელი თანხა ჩვენი ბიუჯეტიდან და გადავიხადოთ დაუყოვნებლივ, მზად ვართ, თვითონვე უზრუნველვყოთ ტრანსპორტირება. ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებდით, რომ მოგვეგვარებინა ცის ჩაკეტვის ალტერნატიული საკითხი.  გვეუბნებოდნენ, – არ გვყავს მფრინავები. ვიპოვეთ მფრინავები, რომლებიც მზად იყვნენ,  დაგვხმარებოდნენ. ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან მზად იყვნენ, დაგვხმარებოდნენ. ყველა მზადაა, მაგრამ არა ისინი, ვინც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს. სამწუხაროდ“- აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ განმარტა, თუ რატომ არ დახურავენ უკრაინის ცას. მან აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნები პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსეთის ომის გამწვავების თავიდან აცილებაზე. ალიანსი შიშობს, რომ ეს გამოიწვევს სრულმასშტაბიან ომს ევროპაში, რომელშიც ჩართული იქნება მრავალი ქვეყანა.

აღნიშნულის გადაწყვეტილება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) პოზიცია  არ იმსახურებს პატივისცემას.

You may also like

Leave a Comment