„დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველებსდ ყველაზე კარგად ესმით, რას განიცდის უკრაინელი ერი“
„საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!
მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენთან მოსულ უკრაინის წარმომადგენელს, ბატონ ანდრიი კასიანოვს და მასთან ერთად ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში თუ მარიუპოლში ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს.
მინდა იცოდეთ თქვენ, რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს!
დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ, ქართველები ვართ! ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!
უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა – თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისათვის.
საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა. ისტორიაა განსაცდელისა და ტრაგედიების, დამპყრობლებთან შეუპოვარი, გმირული, თავგანწირული ბრძოლის მაგალითების. ასე იქმნება ერი! ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სასწაული მის გამძლეობაში, ქედმოუხრელობაში, გაუტეხელობაში, სიამაყეში იყო და არის! დღეს, ჩვენ უკრაინაში სწორედ ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ, რაც მჯერა, რომ მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს.
დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია! წარმატებული, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა.
უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა, დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი.
დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით – ეს დრო აღარ დაბრუნდება!“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.