რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა “ვრემიას” მიმდინარეობის დროს, ამავე არხის თანამშრომელი, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა. ბანერზე იკითხებოდა წარწერა: „არა ომს, შეაჩერე ომი! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ”. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ოვსიანკოვა მალევე დაკავეს და მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
OVD-Info-ს ინფორმაციით, რუსეთში ახლად შემოღებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც რუსი სამხედროების შესახებ ე.წ. ყალბი ამბების გავრცელებას ითვალისწინებს, ოვსიანიკოვას შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.
პროტესტის გამოხატვამდე მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც რუსეთის საზოგადოებას საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
“ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დანაშაულია და რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა. ამ აგრესიის გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისზეა – ეს არის ვლადიმერ პუტინი. მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი კი რუსი და ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ყელსაბამი, რომელიც ახლა მიკეთია, იმის სიმბოლოა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძმათაშორისი ომი და ჩვენი მოძმე ერები ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლებში რუსეთის „პირველ არხზე“ ვმუშაობდი და კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული და ახლა ამის გამო ძალიან მრცხვენია. მრცხვენია, რომ ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილის თქმის საშუალებას ვაძლევდი. მრცხვენია, რადგან რუსი ხალხის ზომბირების საშულებას ვაძლევდი. 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა, ჩვენ გავჩუმდით. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როდესაც კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უსიტყვოდ ვუყურებდით ამ არაადამიანურ რეჟიმს. ახლა მთელმა მსოფლიომ ზურგი შეგვაქცია და ჩვენი შთამომავლობის კიდევ 10 თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმათაშორისი ომის სირცხვილს. მხოლოდ ჩვენი, გონიერი და ჭკვიანი რუსი ხალხის ხელშია ძალა, რომ შევაჩეროთ ეს სიგიჟე. გამოდით მიტინგებზე, არაფრის შეგეშინდეთ. ისინი ყველას ვერ ჩაგვსვამენ ციხეში“, – განაცხადა ოვსიანიკოვამ.