„გულგრილობა კლავს“ – ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა

by oninfo.ge
0 comment

„გულგრილობა კლავს“ – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა.

„ჩვენ განსხვავებულ სახელმწიფოებში და სრულიად განსხვავებულ პირობებში ვიმყოფებით. მაგრამ საფრთხე ერთი გვემუქრება – ტოტალური განადგურება ერის, სახელმწიფოს, კულტურის და სახელისაც კი. მინდა, დაფიქრდეთ 24 თებერვალზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღზე. ეს დღე ორჯერ შევიდა ისტორიაში და ორივეჯერ, როგორც ტრაგედია უკრაინელებისთვის და ებრაელებისთვის. 1920 წლის 24 თებერვალს დაფუძნდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ქვეყანა გაანადგურა. 102 წლის შემდეგ, ასევე 24 თებერვალს, გაიცა ბრძანება რუსეთის უკრაინაში  შეჭრის შესახებ, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რომელმაც მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია. ჩვენი მოქალაქეები ახლა გაფანტულები არიან მსოფლიოს ყველა კუთხეში, ეძებენ უსაფრთხოებას, ისევე, როგორც ოდესღაც ეძებდით თქვენ“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საყურადღებოა, რასაც ამბობს კრემლი.

„იქ ისმის ისეთივე ტერმინები, როგორიც ისმოდა ნაცისტურ გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ამას „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტას“ უწოდებდნენ,  ახლა კი „უკრაინის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“ ჰქვია. თქვენ ნახეთ, როგორ მოხვდა რუსული რაკეტები ბაბი იარს, სადაც ჰოლოკოსტის 100 ათასზე მეტი მსხვერპლია დაკრძალული. პირველივე დღეს რუსული ჭურვები მოხვდა ქალაქ უმანს, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით ებრაელი სტუმრობს, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას ეჭვიც არ ეპარება რომ მისი თითოეული სიტყვა გულზე ხვდებათ ისრაელის პარლამენტარებს და ისინი გრძნობენ უკრაინელების ტკივილს.

„მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ მივმართავთ ამ დრომდე მსოფლიოს და ვითხოვთ დახმარებას? მათ შორის, ვიზისთვისაც?. გულგრილობა კლავს, გათვლები ხშირად მცდარია, ხოლო შუამავლობა შეიძლება იყოს სახელმწიფოებს შორის და არა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ყველამ იცის, რომ თქვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა ძლიერია, თქვენი იარაღი მძლავრია, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ხალხის ინტერესები და შეგიძლიათ დაიცვათ უკრაინელების, უკრაინელი ებრაელების სიცოცხლე დღეს. შეიძლება დიდხანს ვსვამდეთ კითხვას, – რატომ არ მოგვაწოდეთ იარაღი ან რატომ არ დააწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? მაგრამ ეს თქვენი არჩევანი იქნება. ახლა თქვენ გაქვთ არჩევანი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

You may also like

Leave a Comment