adjaraps.com-ის ინტერვიუ პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
–ფრონტის ხაზიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, როგორ ფიქრობთ, ვის მხარესაა ამ დროისთვის უპირატესობა?
-რუსების, თუმცა, სანამ ამაზე პასუხს დეტალურად გაგცემთ, აღვნიშნავ რომ, უამრავი დაინტერესებული პირი, პარტიული ტელევიზია თუ ძალა, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ცდილობს თვალთმაქცური, დილეტანტური ინტერპრეტაცია მისცეს უკრაინულ მოვლენებს. ობიექტურობა კი ნიშნავს იმას, რომ მოვლენები არა კარგი და ცუდის ჭრილში, არამად სწორი და არასწორი კუთხიდან დავანახოთ მკითხველს. მეტიც, მოვლენების მიზეზებსა და ლოგიკას ჩავწვდეთ.
რუსულ-უკრაინულ ამბებს ორი განზომილება აქვს, ერთი წმიდა ადამიანური, ვხედავთ, რომ უამრავი უდანაშაულო იღუპება, მეორე- გეპოლიტიკური, ცივსისხლიანი გათვლებით და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებებით. ეს პროცესი საქართველოს ტექტონიკურ ძვრებს უქადის. ახალი მეხსიერების კონსტრუირებამ უკრაინელი ხალხისთვის მოიტანა ომი, გაუცხოება აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას შორის. ამით ვერაგულად ისარგებლა რუსმა და ეს ცალსახაა! თუმცა, ფორმალიზმის ტყვეობაში დავრჩებით, თუ კონფლიქტს ისტორულ ჭრილში არ განვიხილავთ, ეს კი კომიქსებსა და 90-იანების „ბოეკივებზე“ აღზრდილებს, ენჯეო მსოფლაღქმის მქონე პირებს უჭირთ. მარტივ შავ-თეთრ სქემებსა და „ხუნვეიბინურ“ სლოგანებს შეჩვეულები იჭედებიან იქ, სადაც რთული აზროვნების, ფენომენოლოგიური სფერო იწყება. ამიტომაც ხმაურობენ და როგორც წესი „მაიდანის კრიჩალკებს“ ვერ სცდებიან. იქ, სადაც სინამდვილეში ცოდნა, ღიაობა და დისპუტებია გამოსავალი, იყენებენ ტაბუებს, ნახევარსიმართლეს, ევფემიზმებს, სტერეოტიპებსა და დაზუთხულ, სააკაშვილის დრონდელ მანტრებს. ეს ქცევის მოდელი აგრესიული დილეტანტიზმის ბუნებრივი მახასიათებელია. ყოველივე ამან უმახინჯესი ფორმები მიიღო. ეს ადამიანები ომში ჯერ საკუთარ თავთან, მერე კი დანარჩენ კეთილგონიერ სამყაროსთან არიან. მათი ეგზალტირებული და ესოდენ მარტივად პროგნოზრებადი რეფლექსია მომზადებულ და ღრმა ჰუმანიტარულ საფუძვლებზე მდგარ მოქალაქეში ღიმილის მეტს აღარაფერს იწვევს. თუმცა, ამ გაცვეთილი მარკერების მეშვეობით დრო და დრო მაინც ახერხებენ მოტივაცია-ფანატიზმის გაზრდას. სწორედ ჯოგური ინსტიქტის გამოვლინებაა „ნაცი“ და „ქოცი“, „პრადვინუტი“ და „გრუზინი“ დააჯგუფო რაღაცის წინააღმდეგ.
უახლოესი, ერთი ერის ტრაგედიაზე დღეს ბევრი ითბობს ხელს. ეს ორივე, უკრაინელი და რუსი ხალხის ტრაგედიაა, რომელიც ერთის მხრივ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და მეორეს მხრივ, ცივსისხლიანი სტრატეგების გამოისობით დატრიალდა. კიევი ხომ რუსული ქალაქების დედაა, კიევო-პეჩორის ლავრა კი რუსეთისთვის იგივეა, რაც გელათის აკადემია ჩვენთვის. მე-15 საუკუნიდან ქართველები არ ვცხოვრობდით ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილები საქართველო აღარ იყო. ასევეა იქაც, თუ ჩავუღრმავდებით და ექსტრაპოლაციას მოვახდენთ, ნათლად დავინახავთ სრულ სურათს.
მონღოლების ურდოს გაქცეული კიევის მიტროპოლიტი მაქსიმი 1299 წელს გადადის ვლადიმირში. მე-14 საუკუნეში კი მოსკოვის აღზევების გამო სრულიად რუსეთის (ანუ კიევის) ახალ მიტროპოლიტს იქ გადააქვს რეზიდენცია. 1442 წელს მსოფლიო პატრიარქი ხელს აწერს ფლორენციის უნიას კათოლიკურ ეკლესიასთან, მოსკოვში ამ გაერთიანებას არ აღიარებენ, მიტროპოლიტ ისიდორეს გარდა.ასევე, ქართული ეკლესია უარს აცხადებს პაპის მიერ შეთავაზებულ უნიაზე. ისიდორე, წარმოშობით ბერძენი, უნიის ხელმოწერის შემდეგ ბრუნდება კიევში. მაშინვე, 1448 წელს მოსკოვის რუსეთში აირჩიეს პირველი რუსი მიტროპოლიტი იონა, რაც პირველი განხეთქილების მიზეზი გახდა უკრაინელებსა, ანუ კიევის რუსებსა და მოსკოვის რუსებს შორის. ამ დროს, თანამდროვე უკრაინის ტერიტორიაზე, რომლიც მაშინ პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა, პოლონურ კოლონიზაციასთან ერთად დაიწყო კათოლიკური ეკლესიის ექსპანსიაც, რომლის მიზანიც იყო მართლმადიდებლების დათანხმება უნიაზე. 1596 წელს უკვე ბრესტში ხელი მოეწერა ახალ უნიას, რომელმაც კიევის მიტროპოლიის საერთოდ გაუქმება გამოიწვია. ასე და ამგვარად უკრაინაში გაჩნდა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (უნიატები), ფორმით მართლმადიდებლური და შიგთავსით კათოლიკური. მართლმადიდებლობა, ანუ როგორც იმჟამინდელ უკრაინელებში ეძახდნენ „რუსული რწმენა“ ხდება იდელოგიური ფუნდამენტი პოლონეთის მოძალების წინააღმდეგ. ამ კონფლიქტის უმაღლეს წერტილად კი ბოგდან ხმელნიცკის 1648 წლის აჯანყება იქცა, რის შედეგადაც 1654 წელს ქ. პერესლავში ხელი მოეწერა შეთანხმებას ზაპოროჟიელ კაზაკებსა და მოსკოვის მეფეს შორის. შეთანხმების მიხედვით, კაზაკების მიერ პოლონეთისთვის წართმეული ყველა ტერიტორია გადადიოდა მოსკოვის სამეფოს მფარველობის ქვეშ – მართლმადიდებლებითურთ! როცა ისტორია და კონტექსტი იცით, სხვა ოპტიკით, მეტი დიჯიტალიზაციის ხარისხით ხედავ იქაური პრობლემების გადაჭრის გზებსაც. მაგრამ ამჟამინდელი სახელისუფლებო უკრაინული ელიტები და ქართული პარტიული ტელევიზიები ასეთ განმარტებებს არ იღებენ. ისინი, ერთ მხრივ, არიან 1939 წელს სტალინის მიერ ძირითად უკრაინაზე შემოერთებული, უნიატური, დასავლური უკრაინის მემკვიდრეები, მეორეს მხრივ, კი უბრალოდ უვიცები. სწორედ უკრაინის ამ სეგმენტმა ჩაიგდო ხელთ 2014 წელს პოლიტიკური ძალაუფლება კიევში და მიიპატიჟა სააკაშვილი ამალითურთ, რასაც მთელი რიგი კონფლიქტები და ყირიმის ოკუპაცია მოჰყვა. სწორედ ამით ისარგებლა ვერაგულად რუსმა სისხლისმიერ ძმებთან მიმართბაში და casus belli (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი) გამოიყენა, რაც მოსალოდნელი იყო. განა, ამბობდა ვინმე, რომ რუსეთი ჰოლანდიისდარი, მშვიდობიანი ლიბერალური ქვყანაა? რომ ალტრუისტთა კლუბია და არა მტაცებელი იმპერია? სახელმწიფოს მართვა არც საბავშვო ბაღია და არც ენჯეო სექტორი და უბნის ყოჩობა. თუ სახელმწიფო მოღვაწე და არა ენაგრძელი პოლიტიკანი ხარ, უნდა იცოდე. რა ელის შენს უკან მდგარ ქალაქებს, ქალებსა თუ ბავშვებს.
საერთოდ, ნებისმიერი მოვლენა კონტექსტში უნდა განიხილო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეული ფაქტი სრულ სურათს ვერ აჩვენებს. ამით სარგებლობენ ჩვენთან პარტიული და ნეოლიბერალური ტელევიზიები მანიპულაციებისთვის. ტოტალურ ტყუილზე არიან გადასულები. ჩართავ რომელიმე ქართულ პარტიულ ტელევიზიას, მოუსმენ „ნაცების“ ან მათთან აფილირებული რომელიმე პარტიის სპიკერს და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ უკრაინული არმია მალე მოსკოვს აიღებს, პუტინი კი ბუნკერში ცახცახებს. მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. ვცადოთ და მოვახდინოთ ქართულ მეინსტრიმულ მედიაში გაბატონებული ნარატივის დეკოსტრუქცია; მაგალითად, ვიღაც „ექსპერტმა“ თქვა, რომ პუტინი 2-3 დღეში აიღებდა კიევს და გეგმა ჩაუვარდა. აჰყვნენ სხვა „ექსპერტები“, სხვა ქართული მედიაპლატფორმებიც თუთიყუშებივით იმეორებენ და მუშა-გლეხი, მაკლერი თუ კურტიზანი ქალი, პარტაქტივისტი და დიასახლისიც კი პუტინის გეგმაზე საუბრობს. მეტიც, გონება ადამიანის ისეა აწყობილი, რომ ერთ ისტორიას მეორე მოჰყვება და მასობრივი ცნობიერება უკვე სააკაშვილის პრეზიდენტად დაბრუნებას და რუსეთის ჩამოშლასაც კი ელის. მასობრივ ცნობიერებაში ეს ,,ფეიკი” აისახა ისე, რომ რუსული ჯარი ბარდება უკრაინულს ტყვედ, მთელი დივიზიებით. ტექნიკა ამორტიზირებული, რუსული ოპოზიცია კრემლის მისადგომებთანაა, „ნაცები“ მართლები ყოფილან, ტალიავინი სტყუის, და ა.შ. დამატებით, მთელი ქართული სოციალური ქსელი ოფიციალური კიევის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და კანტი-კუნტად აფეთქებულ რუსულ ტანკებს თუ ჩამოგდებულ ვეტმფრენებს აჩვენებენ, რუსული მხრიდან კი სიჩუმეა, გასაგები მიზეზების გამო. ამ დროს რთულია არ დაიჯერო ზღაპრის. სინამდვილეში კი ხდება შემდეგი – არავინ იცის რა გეგმები აქვს პუტინს და რა დროის მონაკვეთზეა ომი გათვლილი. უმსხვილესი, ყველაზე ბრძოლისუნარიანი უკრაინული საჯარისო დანაყოფები მოქცეულია ალყაში მარიუპოლთან, ქალაქების აღებასაც არავინ აპირებდა დაწყებით ეტაპზე და მითუმეტეს 2-3 დღეში. მაგალითისთვის, პატარა გრანადის აღებას ამერიკელებმა 2 კვირა მოანდომეს, ერაყს 1 თვის განმავლობაში უტევდნენ 700 000-იანი კოალიციით და ა.შ. ანუ, რომელი ჭკუათმყოფელი გათვლიდა გეგმას 2-3 დღეზე 45 მილინიანი ქვეყნის მიმართ? მოკლედ, ის ბრძოლები, რომლებსაც ვხედავდით უკრაინული ქალაქების ქუჩებში, ცალკეული მოიერიშე დანაყოფების შეტევა იყო პლაცდარმების დასაკავებლად, რათა ძირითად არმიას დასაყრდენი ჰქონოდა. პუტინის ამოცანაა შუაზე გახლიჩოს უკრაინა, საზღვარი გაასწოროს ზუსტად იმ პერიმეტრზე, სადაც უკრაინა პირობითად დასავლურ და აღმოსავლურ ნაწილებად, 1939 წლიდან იყოფა. შემდეგ კი, როცა ბოლომდე დაიცლება ქალაქები მშვიდობიანი მოსახლეობისგან, ტაქტიკური იარაღი უკვე არა წერტილოვნად, არამედ მასობრივად გამოიყენოს. რასაც, უკვე 2-3- დღეში კიევის დაცემა და მთავრობის ცვლა მოჰყვება.
–მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გრძელდება. დათანხმდება თუ არა მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას?
– Financial Times-ის ვერსიით, რუსეთი და კიევი 15-პუნქტიან შეთანხმებასთან ახლოს არიან. იქ გამოქვეყნებული სავარაუდო შეთანხმების თანახმად, რუსეთმა თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს უკრაინის ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ, ხოლო რუსულ ენას მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, არ ვიცი. დღეს არც ერთი წყარო აღარაა სანდო. Financial Times-მა გამოაქვეყნა ასევე სტატია, სადაც წერია, რომ ჩინეთმა რუსეთს დახმარებაზე უარი განუცხადა. ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი გაზეთი ტყუილში დაადანაშაულა. უამრავი ფეიკი ვრცელდება ყველა მხრიდან, არავისი დაიჯერება. თუ მოსკოვი დათანხმდა, ეს დანებებას ნიშნავს, მაშინ, როდესაც საქმე ასე ცუდად აქვს. მაშინაც კი, თუ კიევი აღიარებს ყირიმს, ДНР-ს და ЛНР-ს, ომგამოვლილ რუსეთს ეს დიდს არაფერს აძლევს. ომამდე რომ ყოფილიყო, იქნებ დათანხმებულიყო პუტინი, მაგრამ ახლა ამას ნამდვილად არ იზამს. ფსონები ბევრად მაღალია დღეს, ვიდრე უკრაინის ნეიტრალიტეტი და ბანდერა-შუხევიჩის დეჰეროიზაცია.
–პრეზიდენტ ზელენსკის ყველგან მხურვალე ტაშით ხვდებიან, თუმცა ვერ მიაღწია ცის ჩაკეტვას რუსული თვითმფრინავებისთვის, რომელთა ბომბები უკრაინაში უმოწყალოდ ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. სად დაუშვა უკრაინის პრეზიდენტმა შეცდომა?
-ნათქვამია, აღსაყდრებას და ეშაფოტზე ასვლისას მხარს ერთი და იგივე ხალხი უჭერს. ბალზაკის არ იყოს, იმაზე გარყვნილი მეძავი, რაც საზოგადოებრივი აზრია, არც მე მეგულება. ზელენსკი შოუბიზნესიდანაა მოსული, მთელი მისი ამალაც. ის მოვიდა მშვიდობის ლოზუნგით, როგორც ულტრანაციონალისტების ალტერნატივა, იმ პირობით, რომ შეასრულებდა „მისნკის შეთანხმებას“ . როგორც კი დაიწყო მან თავისი გეგმის განხორცილება, მაშინვე დაუპირისპირდნენ იქაური ნაციონალისტები, ბანდერას და შუხევიჩის ფანკლუბი, ჩირაღდნებიან ფაშისტურ მსვლელობებს რომ აწყობდნენ კიევში დღეგამოშვებით. მათ ზელენსკის ულტიმატუმი წაუყენეს, ებრაული წარმოშობა გაუხსენეს, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, იაროშმა სიკვდილით დასჯაც კი უწინასწარმეტყველა. თუ რა სტიგმაა ებრაული წარმოშობა უკრაინელი ერის ქტონიკურ ნაწილში, მიხვდებით თუ გაეცნობით „ვოლინის ჟლეტას“. ჩვენი „ნაციონალები“ მათ ნაციონალისტებთან შედარებით საბავშვო ბაღი და „ერალაშია“. ზელენსკი მძევალი გახდა პარამილიტარისტული ძალების, შემდეგ კი „ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა” და შედეგიც დაუყევნებლივ დადგა. უკრაინა მიწასთანაა გასწორებული. დღეს მას არც ნატოში ღებულობენ, არც მოიერიშე თვითმფრინავებს აწვდიან და არც სამხედრო ტვირთების გასატარებლად უთმობს ტერიტორიას არაერთი ევროპული ქვეყანა. თუმცა, სატელევიზიო პიარ-ომში იგებენ, ტიკ-ტოკის აუდიტორიაში განსაკუთრებით. მიზეზებიც ზედაპირზეა- თინეიჯერებზე ორიენტირებული უპასუხისმგებლო იუმორისტები ხელისუფლებაში, შაპიტო, ქართული „ნაციონალური“ დესანტითურთ და ОУН-УПА-ს (უკრ. Українська повстанська армія) შერწყმა ვერტიკალში. უკრაინის პოლიტიკური და მედია ელიტა დეგრადირებულია. სამწუხაროდ, კრიტიკული, გრძელვადიანი აზროვნება არ აღმოაჩნდათ ქვეყნისთვის, რითიც მყისვე ისარგებლა ისეთმა მტაცებელმა მეზობელმა, როგორიც რუსეთია.
-რუსეთი არ ემორჩილება ჰააგის სამართალს, რა ბერკეტები რჩება ევროპის საბჭოს მის შესაჩერებლად?
-არავითარი. რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა და ეს უფრო ცუდია საბჭოსთვის, ვიდრე რუსეთისთვის. თუ ასე გაგრძელდა, ეს ორგანიზაცია მალე საერთოდ აღარ იარსებებს. სხვათაშორის, ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია მსჯელობს იმაზე, რომ ევროპის საბჭო დიდწილად დუბლირებს ევროკავშირის ფუნქციებს და ტყუილად იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს. არადა, ევროკავშირის წევრების გარდა, მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოა გაწევრიანებული; რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა. ახლა კი, როდესაც რუსეთი გავიდა, თურქეთს კი საერთოდ აღარ აინტერესებს ევროპელების აზრი, საბჭოს აღმზრდელობითი მისიაც ქრება. არც ევროკვშირთანაა საქმე მარტივად. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა რუსეთთთან სეპარატულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ეფლირტავება, ახალ სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებს. აზრი სანქციებზე, რბილად რომ ვთქვა, გაყოფილია. ზოგიც, საერთოდ აშკარა მოკავშირეა პუტინის. იქაური მექანიზმები კი მოგეხსენებათ – სრულ კონსენსუსს მოითხოვს ქვეყნებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკლარაციას არ სცდება ნებისმიერი მუქარა.
–მიიჩნევენ, რომ ზელენსკიმ უკრაინა აქცია რუსეთისა და ნატოს ომის პოლიგონად. უკრაინის პრეზიდენტისგან ვხედავთ ნიჰილისტურ განწყობებს ნატოს მისამართით. რის მიღწევა სურს მას ამით?
-ის, რასაც ამბობენ ხოლმე მაღალი ტრიბუნებიდან, ხშირად არ შეესაბამება ნამდვილ მიზნებსა და ქმედებებს. განა შტატები იგივეს არ აკეთებდა, როცა ეს მათ სტრატეგიულ ინტერესებს ეხებოდა? სად იყო მაშინ საერთაშორისო სამართალი და სანქციები, როცა ხალიჩისებური დაბომბვა მიდიოდა იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიისა თუ ავღანეთის? რატომ დუმდნენ? წარმოიდგინეთ, რომ ირლანდიამ მოითხოვოს ინგლისური ენის აკრძალვა, ОДКБ-ში გაწევრიანება, რაკეტების განლაგება დიდი ბრიტანეთის ყურის ძირში. ოლსტერში, მაგალითად (ინგლისის მიერ დღემდე ოკუპირებულ ირლანდიურ ტერიტორიაზე)?! რას მოიმოქმედებდა დიდი ბრიტანეთი? ანდა ისრაელის მიერ მოკლული ირანელი მეცნიერები გაიხსენეთ და ა.შ. მთელი ეს საერთაშორისო სამართლის რიტორიკა, სასაცილოდ არ ეყოფოდათ იქაურ „ჯინგოისტებს“. ზელენსკიმ თქვა, რომ ნატოში ვერ შევლენ. ეს სიმართლეა და უნდა ვაღიაროთ. რაც შეეხება ტაქტიკას, დღეს ზელენსკის მხნე სატელევიზიო იმიჯის მიუხედავად, არ ეტაქტიკება, რადგანაც, უკრაინის ყოფნა-არყოფნის და პირადად მისი ლიკვიდაციის საკითხი დგას დღის წესრიგში. დასავლეთიც, გარდა ანგლოსაქსური სამყაროსი, აშკარად დაიღალა და ზელენსკის სთავაზობს მიიღოს რუსეთის პირობები. გაჟონა ინფორმაციან, რომ გერმანიის კანცლერმა შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მას დანებება შესთავაზეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენეტმაც ღიად მოსთხოვა ზავის დადება რუსული პირობებით. მოკლედ, რთულად აქვს ზელენსკის საქმე, იმაზე რთულად, ვიდრე აქ წარმოუდგენია მავანს.
–ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, საჭიროა საქართველოს მეტი დახმარება გაეწიოს, თუმცა კონკრეტული არაფერი თქმულა. ჩვენ ისევ თამაშგარეშე ვრჩებით?
-ღმერთმა ქნას, ამ სცენარში თამაშგარეშე დავრჩეთ. ახლა მთავარია, არ მოვხდეთ დიდი ქვეყნების ყურადღების ეპიცენტრში. საქართველო სამყაროს ცენტრი ჩვენთვისაა, თორემ დიდი მოთამაშებისთვის პაიკი, ხურდაა, რომელიც შეიძლება გაცვალო, გაყიდო ან უბრალოდ გატეხო და ნამცეცები მიისაკუთრო. ჩვენი ეროვნული ინტერესია არ დაუშვათ რუსული ინტერვენცია საქართველოში. მერწმუნეთ, ძალზედ ბევრი ძალაა საქართველოს ბრძოლის პლაცდარმად გადაქცევაში დაინტერესებული, როგორც შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაც დროული იყო, ვშიშობ იმდენად ადეკვატური, რომ მისი პრემიერობიდან ჩამოშორების მცდელობები იქნება გაათამაგებული და უკვე თავად „ოცნებაში“ ჩაბუდებული მაქციებსგან წამოსული. მავანი იტყვის, ნატომ ამდენი სიკეთე მოგვიტანა, გვეხმარებოდა, ფული ჩადეს, ჯარი აგვიშენესო“ და ა.შ. ნუ დაუჯერებთ ამ ნეტარებს, რეალპოლიტიკის ანა-ბანის არმცოდნეებს. ბუდას მოსწონდა ერთი ამბის მოყოლა. სოფელში ხუთი სულელი დადიოდა და თავით ნავს დაატარებდა. გაოცებულ ხალხს სულელებმა უპასუხეს, რომ ნავის მოტოვება არ შეეძლოთ, რადგანაც ამ ნავით მდინარე გადაცურეს. ჩვენ მარადიულად ვართ დავალებული ნავის წინაშეო, აბობდნენ ისინი. ასე ვართ ახლაც ნატოსა და უკრაინის წინაშე. 30 წელია ქართული ისტებლიშმენტი იდეალური სამყაროს ჩარჩოებში აზროვნებდა. მაგრამ სამყარო არასდროს ყოფილა და იქნება იდეალური. დღეს ეს უბრალოდ გამძაფრდა და ყველასათვის ნათელი გახდა.
გაგახსენებთ, რომ 2010 წლის 6 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ საქართველომ, აფხაზეთმა და ოსეთმა ერთად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი სამომავლო ურთიერთობების ფორმაო. რუსეთისადმი მეგობრული საქართველო უფრო შეძლებს გახდეს მიმზიდველი მაგნიტი სეპარატისტული რეგიონებისთვის. ამის სანაცვლოდ პუტინს შეუძლია შეგვთავაზოს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა. სავარაუდოდ ის შეგვთავაზებს რაღაც შუალედურს, „ფინეთიზაციასა“ და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას შორის.
–ვის ეკისრება დაღვრილი სისხლი, რუსეთს, ნატოს, ზელენსკის თუ სამივეს ერთად?
ცნობილი სუფიური იგავია, რომელიც ძალიან მიყვარს. ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, მოედანზე ჩამოახრჩვეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცამ მას ვერცხლის მონეტა მისცა, იყიდა დანა, რომლითაც დანაშაული ჩაიდინა; თუ იმიტომ, რომ არავინ შეაჩერა? ან იქნებ იმიტომ, რომ მას ცუდი გენეტიკა აქვს? ძალზედ ბევრი მიზეზი და შემოქმედია მაგ ტრაგედიაში. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. აი, უკვე ალექსეი არესტოვიჩიც კი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მიერ ნატო-ს წევრობის კურსის კონსტიტუციით გამყარება იყო. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე უკეთ, ვერც ვერავინ იტყოდა და ახსნიდა, ვგონებ.
–რუსეთის მოკავშირეები არ ჩანან…
-ალექსანდრე III-ს ეკუთვნის; “რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს – მისი არმია და საზღვაო ძალები”. მას მერე დიდად არაფერი შეცვლილა რუსის ფსიქოტიპში. ისე კი, ჩინეთი, ინდოეთიც და სხვა არა დასავლური ქვეყნებიც უმაგრებენ ზურგს. მეტი ამ ეტაპზე არ მგონია სჭირდებოდეს და თუ დაჭირდა, დარწმუნებული ვარ, ჩინეთი არ აარიდებს სამოკავშირეო ვალდებულებებს თავს. დასტურად, თუნდაც ბაიდენსა და სი ძინპინის შორის შემდგარი საუბარია. ბაიდენი კი შეეცადა დაშინებას, მაგრამ ჩინეთის ლიდერმა მიუგო, თქვენ უკრაინაში აგზავნით იარაღს და სიკვდილს, ჩვენ კი იქ ათასობით ტონა ჰუმანიტარულ მარაგს ვაგზავნითო. სი ძინპინი “მკაცრი და დაუყოვნებელი რეაგირებით” დაიმუქრა „თუ შეერთებული შტატები შეეცდება ზიანი მიაყენოს ჩინეთს“. ამრიგად, უკრაინაში მშვიდობაზე საუბრის ნაცვლად, მხარეებმა მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობაზე ისაუბრეს და ვინ ვისთან, რა ფორმებით იქნება ერთმანეთთან ასეთი იმპრესიული საუბრის შემდეგ, თავად განსაჯეთ.
–რა პერსპექტივა აქვს რუსეთის ეკონომიკას სანქციების ფონზე? ხომ არ ხედავთ საფრთხეს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით?
-ეს მოლოდინები, საქართველოს დამფუძნებელი კრების 1921 წლის 28 თებერვლის ერთ მიმართვას მახსენებს; „ჩვენ მარტონი არა ვართ, ევროპის მუშათა კლასმა უკვე აღიმაღლა ხმა ჩვენს სასარგებლოდ და ბოლშევიკური თავდამსხმელების წინააღმდეგ, საერთაშორისო დემოკრატია ვერ მოითმენს წითელი იმპერიალიზმის მიერ დემოკრატიულ საქართველოს ფეხქვეშ გათელვას. ევროპიდან უკვე ვღებულობთ ნივთიერ დახმარებას და საფრანგეთის საზღვაო ძალები ჩვენ ჯარებთან შეთანხმებით იცავენ საქართველოს მიწა-წყალს“.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ნაკადს, ყოვლად მიუღებელია ის აღვირახსნილი ქსენოფობიური კამპანია, რაც იღვრება ქართული პარტიული ტელევიზიების მეშვეობით. სამხედრო პროპაგანდის ანაბანაა, რომ მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაცია უნდა მოახდინო. ეს პარტიული ქართული ტეევიზიები ზუსტად ამ მეთოდოლოგიას მიმართავენ. ეს ძალზე დელიკატური თემაა. მთავრობის მცდელობა, საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს დისკრიმინაციის პროპაგანდა „მიშისტური“ არხების მიერ, არ მიმაჩნია საკმარისად, თუმცა, თავს შევიკავებდი საჯაროდ იმ მეთოდებზე საუბრისგან, რაც საჭიროა რომ გატარდეს. პრობლემა მართლაც, სერიოზულია და ეგზისტენციალურად საშიში ქართული სახელმწიფოსთვის.
–ოპოზიციის ქმედებების თქვენეული შეფასება...
-ერთმნიშვნელოვნად ანტისახლემწიფოებრივი…
–როგორ ელოდებით მოვლენების განვითარებას?
-მიდის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება. მე-17 საუკუნის ვესტფალის ზავის, ვენის, იალტის და 90-იანების ლიბერალური ჰეგემონიის რღვევა, გადაფორმატირება მიმდინარეობს. ჩვენ კი მოუმზადებელი შევხვდით. აყოლილი რა ამ ნეოლიბერალურ მანტრებს, დაგვავიწყდა კაცობრიობის რეალური ისტორია და მოტივაცია, რომელმაც მყისვე და ასე უხეშად შეგვახსენა თავი. დავყაბულდით ზღაპრებს, არადა, დიდი სახელმწიფოების თანაცხოვრების წესები არასოდეს ყოფილა ალტრუისტთა კლუბის განაწესი, როგორც ამას ენჯეოშიკები გვასწავლიან ყველა ქართული პარტიული მედიაპლატფორმიდან. საქართველოშიც მალევე დაიწყება ძალიან ცუდი პროცესები, თუ ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არ შეჩერდა. მის ჩახშობას კი ჯერ პირი არ უჩანს, რადგანაც „ოცნება“ კონცეპტუალურ დონეზე პაექრობას ვერც „ნაციონალებს“ უწევს. მათი დისკურსიდანაც კი ვერ გამოდის ბოლომდე. საჭიროა, „ოცნების“ რიგების გაწმენდა, შესაბამისი არასამთავრობოები, ტელევიზიები და რაც მთავარია, ახალი დოქტრინა…
წყარო: adjaraps.com