უკრაინა ნეიტრალიტეტის განსახილველად მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების საბოლოოდ მისაღებად რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.
“უსაფრთხოების და ნეიტრალიტეტის გარანტიები, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი – ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მთავარი პუნქტი. ეს იყო პირველი პრინციპული პუნქტი რუსეთისთვის, რამდენადაც მახსოვს და ომიც ამის გამო დაიწყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა უბრალოდ ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი.
“ეს პუნქტი არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პუნქტი. და რადგან ამბობენ, რომ ეს მათთვისაც გარანტიაა, ჩვენ მას განვიხილავთ. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბუდაპეშტის მემორანდუმის მორიგი ფურცელი. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს ეს დოკუმენტი სერიოზულ შეთანხმებად ვაქციოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ქვეყანას შეუძლია გადაწყვეტილება ნეიტრალური სტატუსის შესახებ რეფერენდუმზე მიიღოს, რადგან შესაბამისი ცვლილებებისთვის, რომელიც კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს, მინიმუმ ერთი წელია საჭირო.
“უკრაინაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი რეფერენდუმის შესახებ. უსაფრთხოების გარანტიები გულისხმობს ნეიტრალურ სტატუსს და ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები. ორი სხდომაა საჭირო. რეფერენდუმი უფრო სწრაფი ნაბიჯია, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება.. მხოლოდ ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ იქნება ასეთი სტატუსი და ასეთი გარანტიები. რეფერენდუმის ჩატარება რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი მინიმუმ 1 წელი იქნება საჭირო, – თქვა ზელენსკიმ.