საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტისგან, დონალდ ტუსკისგან ოფიციალური წერილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გაავრცელა. მისი თქმით, საპასუხო წერილი სააკაშვილმაც მოამზადა და „ევროპის სახალხო პარტიას“ და მის ლიდერს მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი – სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე. მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს, მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არც უკრაინა და არც საქართველო, ამ ორი ქვეყნის კონტექსტში კი – მე. ჩემთვის ეს დიდი პატივია, არ ვიცი მომცემს თუ არა ჩემი ჯანმრთელობა, ან ხელისუფლება ამ ყრილობაზე დასწრების უფლებას, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.