„ხელისუფლებამ ვერ შეძლო მარიუპოლის დაცვა, ჩვენ 25 ათასი სამოქალაქო პირი დავკარგეთ“- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აზოვის პოლკის დაზრვერვის დეპარტამენტის ოფიცერმა, ილია სამოილენკომ ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან დიდია მსხვერპლი, როგორც სამხედროებში, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
„სიმართლე ისაა, რომ ჩვენ უნიკალურები ვართ. არავინ ელოდა, ამდენ ხანს რომ გავძლებდით (და დღემდე ფეხზე ვდგავართ). ჩვენმა ხელისუფლებამ მარიუპოლის დაცვა ვერ შეძლო. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გმირებს გვეძახიან, ჩვენით აღფრთოვანებულები არიან. გმირობა კი მაშინ ვლინდება, როდესაც გეგმა ვარდება, მისი ორგანიზება ვერ ხდება“, – აღნიშნა მან.
ოფიცრის თქმით, „აზოვის“ ბევრმა მებრძოლმა ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, უკრაინის მოქალაქეებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა.
„ეს ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ შეგვეძლო, გამოვცლოდით მარიუპოლს, უკან დაგვეხია, იმიტომ, რომ ვხედავდით სიტუაციას, მაგრამ გადავწყვიტეთ, დაგვეცვა ქალაქი. ჩვენ გვქონდა ბრძანება, დაგვეცვა მარიუპოლი, მაგრამ ჩვენთვის არავის უბრძანებია, რომ ქალაქის თავდაცვა სრულად აგვეღო საკუთარ თავზე. ეს გადაწვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ეს სხვას არ გაუკეთებია. პრობლემა იმაშია, რომ ბევრი ოფიციალური პირი უკრაინის თავდაცვის საკითხების საბოტაჟით, მე ვიტყოდი, დაახლოებით, 7 წლის განმავლობაში იყო დაკავებული. ეს ომი არ დაწყებულა 24 თებერვალს და ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამთ. ყველა გვიშლიდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ – რუსეთის ფედერაციასთან დიდი ომი ახლოვდებოდა“- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ რომ „აზოვის“ მებრძოლები მარიუპოლის დაცვაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მონაწილეობენ. უკრაინა „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების გადარჩენას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, პროცესში მრავალი გავლენიანი შუამავალი და სახელმწიფო არის ჩართული.