შემთხვევა, როცა ბინის მესაკუთრე აქირავებს ბინას და შემდეგ დამქირავებელს ვერ ასახლებს საკუთრებიდან, არცთუ იშვიათია. გამოსახლების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, პოლიცია ადამიანს ასახლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე და დაწყებულია გამოძიება. როგორც აჭარის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე განმარტავს, თუ პირი არ გადაიხდის ქირას, ხელშეკრულების წერილობით გაფორმების შემთხვევაშიც კი, მას ავტომატურად ვერ გამოასახლებ. ,,ზეპირი ხელშეკრულებაც ხელშეკრულებაა, ის არაა კანონმდებლობის გარეთ. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს იმის მტკიცება, თუ რა იყო შეთანხმება,”-აცხადებს დიასამიძე.
მესაკუთრის უფლებების დარღვევის ხშირი შემთხვევების გამო, დაზარალებული მოქალაქეები კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ქალაქ ბათუმში მოხდა. დაზარალებული ქეთევან ძაგანია კუთვნილი, დედის ნაჩუქარი ბინის დაბრუნებას წლებია უშედეგოდ ცდილობს და ახლა 22 მაისს ჩანიშნული სასამართლოს იმედზეა.
-ქალბატონო ქეთევან, როგორია თქვენი ისტორია ბინასთან დაკავშირებით?
-6 წლის წინ ბათუმში, ჩემს ბინაში მდგმურად ინგა შავაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შევიდა. ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 250 ლარი უნდა გადაეხადა. კაზინოში მუშაობდა და ორი წლის განმავლობაში ამ თანხას რეგულარულად იხდიდა, პრეტენზია არ მქონია. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახური დაკარგა. რადგან მეუღლესთან გაშორებულია და ერთ-ერთი შვილიც არ ჰყავს ჯანმრთელი, ადამიანურად შევედი მის მდგომარეობაში, თანხაც დავუკელი, სხვა დათმობებზეც წავედი და ცხოვრება გააგრძელა. ბოლო ორი წელი კი ქირა საერთოდ ვერ გადამიხადა. რძალი მოვიყვანეთ და სახლი დამჭირდა. ინგას ვუთხარი, ბინა უნდა დამიცალო და ამ ორი წლის თანხას, რაც ვერ გადამიხადე, გჩუქნითქო. წასასვლელი ნამდვილად აქვს სოფელში, დედამთილთან. ბებიას შეუძლია შვილიშვილები შეიფაროს. ერთი თეთრის საფასური არ მომითხოვია. რაც შემეძლო ყველაფერი გავითვალისწინე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ინსტანციებს მიმართა, რომ როგორმე ჩემთვის ბინა წაერთმია. ყველა საბუთი წესრიგში მაქვს, მემკვიდრე მე ვარ, მოდავე არავინ მყავს, ეს ბინა დედიდან გადმომეცა. უბრალოდ, საქმე გამეწელა, რადგან მაზნიაშვილის 5 ნომერი საჯარო რეესტრში ორი დაფიქსირდა, მაგრამ ჩატარდა ამხანაგური კრება და სახლს 8 ნომერი მიენიჭა. მდგმურთან ამას კავშირი არ აქვს.
მინდა ვთქვა, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩამიდენია. აგრესიული ქცევები ადამიანის მიმართ არასდროს მიმაჩნდა მართებულად და ასე არც მოვქცეულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მორალური ზიანი მომაყენა. ეს იყო სრული შოკი ჩემთვის, რადგან სიკეთე ბოროტებად გადამექცა. ვპატიობ ადამიანურად, ღმერთს ვევედრები მშვიდად წავიდეს ჩვენგან. ჩემი სახლიდან გულნატკენი არავინ წასულა. არც არასოდეს დაურეკავს ჩემთვის, არც ბოდიში მოუხდია როდესმე, რომ ასე დაემართა. შეიძლება ძალიან უჭირდეს ადამიანს, მაგრამ გაჭირვება არასდროს ამართლებს ცუდ საქციელს.
ახლა ველოდები სასამართლოს. სახლს ბზარი გაუჩნდა და საკუთარ სახლში ვერ შევდივარ, რომ მივხედო. ასე იჩაგრებოდეს ადამიანი საკუთარ ქონებაზე, წარმოუდგენელია. მინდა მივმართო ხელისუფლებას დაეხმაროს ინგა შავაძეს, რომ ეს ადამიანი გადარჩეს. მე, ერთმა ადამიანმა რაც შემეძლო, გავაკეთე.
-რას გპასუხობს დამქირავებელი?
-მპასუხობს, რომ არა აქვს წასასვლელი. ჩემმა შვილმა ისიც კი უთხრა, რომ უქირავებდა ბინას და ორი თვის ქირას გადაუხდიდა, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადა. სხვა რა გავაკეთოთ, არ ვიცი. ვიჩაგრები და მინდა წერტილი დაესვას ჩემს წვალებას. სიტყვის მთქმელიც არავინ არ დაურჩა, რომ ნორმალურად წასულიყო, ან ცოტა კრძალვით მაინც ეცხოვრა.
-როგორ აპირებთ თქვენი უფლებების დაცვას?
-20 მაისს სასამართლოა. მოსამართლე ქალბატონი გულიკო კაჟაშვილია, იმედი მაქვს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ჩემი მაგალითი სხვა ადამიანებისთვისაც უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი. ამდენი ნერვიულობის მიუხედავად ერთი წამითაც არ მაქვს შურისძიების გრძნობა, არ მიცხოვრია ასეთი მრწამსით. არ მინდა მას რამე ცუდი შეხვდეს ცხოვრებაში. ისევ და ისევ ვთხოვ მთავრობას, დახმარება აღმოუჩინოს ინგა შავაძეს, გამოუყოს საცხოვრებელი! ესაა ჩემი სათქმელი.
p.s. ჟურნალისტური სტანდარტიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვცადეთ ქალბატონ ინგა შავაძესთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.