გამომცემლობა ,,მთაწმინდამ” ახალი წიგნი ,,წმიდა გაბრიელ მცირე – „სულისა წმიდისა მინდობითა“ გამოსცა. წიგნის რედაქტორ-შემდგენელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდაძეა. „სულისა წმიდისა მინდობითა“ წმინდა გაბრიელის სრულ შემოქმედებას მოიცავს და 1644 გვერდისგან შედგება. ტექსტზე მეცნიერული კვლევები თერთმეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გაბრიელ მცირე მე-18 საუკუნის მიწურულს გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა და უმდიდრესი საეკლესიო ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. 1802 წელს კი იგი მოწამეობრივად აღესრულა.
გაბრიელ მცირეს სასულიერო ლიტერატურული დანატოვარი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ორიგინალური თხზულებები და შედგენილი კრებულები.
ორიგინალურ ,,თხზულებებს” შორის განსაკუთრებით საინტერესოა თხრობები გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ. სწორედ ამ ტექსტების მეშვეობით გახდა შესაძლებელი წამებულის მონასტერში მდებარე 6000 ბერის საძვალის მოძიება, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა გარეჯში მოღვაწე არაერთი სასულიერო პირი.
წმიდა გაბრიელის ,,შედგენილი კრებულები” მოიცავს 200 პატერიკს, 40 შესხმას, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლი ღმრთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის და სხვა წმინდა მამათა სწავლებებს. მათი ქართული თარგმანი კი ეკუთვნით: ეფთვიმე მთაწმინდელს, ეფრემ მცირეს, თეოფილე ხუცესმონაზონს და სხვ.
აღსანიშნავია, რომ წიგნში – „სულისა წმიდისა მინდობითა“ წარმოდგენილი ტექსტები ეროვნულ საუნჯეს, ოქროს ფონდს წარმოადგენს, რომელსაც გამოცემაში 1398 ნაბეჭდი გვერდი უჭირავს. ხსენებულ ტექსტებს მოსდევს ვრცელი მეცნიერული კვლევა გაბრიელ მცირისა და მისი შემოქმედების ირგვლივ. წიგნის დასასრულს წარმოდგენილია ანოტირებული საძიებელი, რომლის მეშვეობითაც მკითხველს საშუალება ეძლევა მიიღოს მოკლე ცნობები ტექსტში მოხსენიებულ პირთა შესახებ.
წიგნის პრეზენტაცია 2022 წლის 29 ოქტომბერს,19.00 საათზე ,,აქსის თაუერის” (ჭავჭავაძის 37) საკონფერენციო დარბაზში შედგება. დასწრება თავისუფალია.