“ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას” – ამის შესახებ პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტია გეგმავს საპროტესტო რეჟიმში გადასვლას. ასევე დაიწყებს შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებთან.
“ნაციონალური მოძრაობა გადადის საგანგებო რეჟიმზე. მივმართავ რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს და ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე, დაიგეგმება რეგიონებში აქტიურობები. ასევე, ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ასევე დღეს გვექნება კონკრეტული აქტივობები და ეს აქტივობები გვექნება ყოველდღიურად” – განაცხადა ხაბეიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქციას დღეს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გეგმავს. ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ სასამართლოს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარის თქმის შემდეგ მიიღო.
ფოტო: ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდი