ნოდო დარბაიძე: დარბაზამდე მიმავალ გზაზე სულ ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც დიდ შედეგებზე გავიდოდი

ავტორი oninfo.ge

ნოდო დარბაიძე ხორვატიაში მოღვაწე ქართველი მოკრივეა, რომელმაც წარმატებას საქართველოშიც მიაღწია და ხორვატიაშიც. “ონინფო” ქართველ სპორტსმენს თავის კარიერასა და სამომავლო მიზნებზე ესაუბრა:

-მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე, როდიდან დაიწყო კრივის მიმართ ინტერესი?

-ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სპორტი, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კრივს გავიხდიდი ცხოვრების წესად. თავდაპირველად კარატეზე დავიწყე სიარული და პატარა ბიჭი გავხდი საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესი არ გამოუწვევია ჩემში. ამავდროულად გავიგე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი დადიოდა კრივზე, რომელიც თითქმის ყოველ დღე მეუბნებოდა, რომ ერთად გვევარჯიშა მაგრამ სურვილი და მოტივაცია არ იყო ჩემი მხრიდან დიდი. ერთ დღესაც ძალით წაყვანის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, როდესაც პირველად შევედი დარბაზში და დავინახე ყველაფერი. შევხვდი ყველაზე კარგ ადამიანს კოსტანტინე კუპატაძეს, რომელმაც შვილივით მიმიღო და გვერდით ამომიყენა. სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო კრივის ისტორიაც. იმდენად დიდი იყო უკვე ინტერესი, რომ სახლიდან დარბაზამდე კილომეტრებს გავდიოდი და ყველა ვარჯიშს გულისყურით ვეკიდებოდი. დარბაზამდე მიმავალ გზაზე კი სულ ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც დიდ შედეგებზე გავიდოდი.

-რა წარმატებას მიაღწიეთ საქართველოში?

-2015 წელს გავხდი ეროვნული ჩემპიონი, რის შემდეგაც გავხდი საქართველოს ნაკრების წევრი და მიწევდა სხვადასხვა ტურნირისთვის მომზადება.

რომ გადავხედოთ განვლილ გზას საქართველოში, საკმაოდ ბევრი ჩხუბი მაქვს ჩატარებული, მაგრამ რა თქმა უნდა, მაქვს გამოსარჩევიც: 2018-2019 წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი და მოპოვებული მე-2 საპრიზო ადგილი. ძალიან ვამაყობ იმ ფაქტითაც, რომ მონაწილე ვიყავი არაერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის და ასევე ევროოლიმპიური თამაშების, რაც ჩემს მეხსიერებაში მკაფიოდ აღიბეჭდა.

-როგორ მოხვდით ხორვატიაში?

-ხორვატიაში მოღვაწეობა დაიწყო ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატიდან. პირველივე ჩხუბზე ძლიერი დარტყმით ნოკდაუნში ჩავაგდე მეტოქე და სწორედ ამის შემდეგ წამოვიდა ხორვატების დიდი ინტერესი ჩემ მიმართ. საქართველოში დამიკავშირდნენ ხორვატიიდან და შემომთავაზეს მათ კლუბში ბრძოლა და სწორედ ამის შემდეგ გავაფორმე კონტრაქტი. მას შემდეგ,რა თქმა უნდა, გავიჩინე ბევრი მეგობარი და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ უკვე მე გამოვიჩინე ხორვატიაში დაბრუნების ინიციატივა, რომ თავიდან მომესინჯა ჩემი ძალები პროფესიულ რინგზე.

-რა არის თქვენი როგორც სპორტსმენის მიზანი, ამ მიზნის მისაღწევად რა გზას გადიხართ?

როდესაც მიზნებზე ვსაუბრობ, რაც თავში პორველი აზრად მომდის ეს ჩემი ოჯახია და მათი ბედნიერება. ჩემ მთავარ მიზნად ჯერჯერობით რჩება მსოფლიო ჩემპიონის, WBC-ის ქამარი, ტიტული და ჩემი ქვეყნისთვის წარმატების მოტანა.

 

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge