“გააცამტვერეს და ჩაკლეს ყველაფერი” – გურამ საღარაძე ჭიდაობის ფედერაციაში ვადამდელ არჩევნებს ითხოვს – ვის მოიაზრებს სახელოვანი მოჭიდავე გეგეშიძის შემცვლელად?

ავტორი oninfo.ge

“ჰელსინკის ოლიმპიადიდან მოყოლებული სულ გვქონდა წარმატებები ამათ კი გააცამტვერეს და ჩაკლეს ყველაფერი” –  ასე აფასებს ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელი მენეჯმენეტის მუშაობას თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, საქართველოს ვეტერან მოჭიდავეთა კავშრის თავმჯდომარე გურამ საღარაძე. 

ლეგენდარული მოჭიდავის თქმით, ჭიდაობის ფედერაციის მუშაობით რომ საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ, შესაძლოა, ფედერაციის მმართველ რგოლს კანონთანაც კი შეექმნას პრობლემები. საღარაძის განმარტებითვე, ფედერაციას არაპროფესიონალი და არაკომპეტენტური პირები მართავენ, რომელთაც პირადი ინტერესების გამო მთელი სისტემა მოშალეს.

“მე ვარ საქართველოს ვეტერან მოჭიდავეთა კავშირის თავმჯდომარე, ასეთი შეურაცხყოფილი და დაუფასებელი ჩვენი ვეტერანები, ცხოვრებაში არ ყოფილან. უდიდესი მოჭიდავეები გვყავს საქართველოს, ცოცხლებიდან: რურუა და თედიაშვილი, ასევე ჩვენი წინაპრები იყვნენ ბალავაძე, კარტოზია, ცალქალამანიძე… რომელი ერთი ჩამოვთვალო.  ჭიდაობა აღწერილია ბიბლიაში, ის  ღვთიური სახეობაა და ქართველების გენეტიკური კოდია და საქართველოში ჭიდაობის ასე მასხრად აგდება არ შეიძლება, როგორც ახლაა. ვიღაცის დანიშვნა, ვისაც განათლება არა აქვს, წერა-კითხვა რომ არ იცის, არ შეიძლება. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი განათლებული უნდა იყოს, ზრდილობიანი უნდა იყოს, პატივისცემა უნდა იცოდეს და ტიტულოვანი მოჭიდავე უნდა იყოს. ვინ არის ეს გეგეშიძე, საერთოდ არ უჭიდავია. ერთ-ერთ სოფელში ვიყავით ჩასულები და გამოაცხადეს მსოფლიოს ჩემპიონიო, რისი ჩემპიონია, მაგის მოგებული მე არსად არ მინახავს. უნდა მოვიდეს სახელოვანი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი. ამათ გააცამტვერეს ყველაფერი. მანდ რომ გამოძიება შევიდეს, დაიჭერენ მაგათ სულ ყველას. ჰელსინკის ოლიმპიადიდან მოყოლებული ჩვენ სულ გვქონდა წარმატებები და ამათ ყველაფერი ჩაკლეს, არაკომპეტენტურებმა, არაპროფესიონალებმა, პირადი ინტერესების გულისთვის მოშალეს მთლიანად სისტემა. ჩვენ ასაკიანები რადგან ვართ, ზედაც აღარ გვიყურებენ, ჭკუა მაინც ხომ უნდა შეგვეკითხონ? საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი, მათზე მეტი გამოცდილება აღარ მაქვს? ამათ არ იციან არც სასწავლო-სამწვრთნელო პროცესი, არც ტექნიკა, არც ტაქტიკა, არც მედიცინა. კარგი მწვრთნელი მედიცინაშიც კარგი უნდა იყოს. როგორი წნევა აქვს ბავშვს უნდა იცოდეს, ღამე როგორ სძინავს, როგორ მოუაროს აღსაზრდელს. ამათ შეკრიბეს აქ ვიღაცები, აკეთებენ ფულს და მაიმუნობენ რაღაცებს და ამ მაიმუნობით გადიან ფონს. ყველაფერ ამას კი ვიღაცა ხელს უწყობს და მე თამამად ვიტყვი, ის ვიღაცა არის იდიოტი. როდესაც ზურაბ დათუნაშვილს გალახავ და გააგდებ და მერე ის ასეთი წარმატებული გახდება, სერბეთი საპატიო მოქალაქედ და საუკეთესო სპორტსმენად აირჩევს, აქ ყველაფერი მთავრდება. ახლა კიდევ კურტანიძე მივიდა, ლეგენდა მოჭიდავე და ისიც გამოაგდეს. სანამ ჭიდაობა არ იქნება სახელოვანი მოჭიდავეების ხელში, მანამდე იქნება ასეთი არეულობა.

-ახსენეთ ლუკა კურტანიძე, სოციალურ ქსელში მის პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ოლიმპიური კომიტეტიდანაც, აღნიშნულის შემდეგ კი მალევე გაჟღერდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხიც, თქვენც მიიჩნევთ, რომ ვადამდელი არჩევნები ჭიდაობის ფედერაციაში საჭიროა? 

-საჭირო კი არა, აუცილებელია.  ესენი არავის არაფერს არ ეკითხებიან, არც მოჭიდავეებს, არც ვეტერანებს. ასე არ შეიძლება. არავის ინტერესი არ მაქვს, უბრალოდ აუცილებელია ცვლილებები. კი, ეგ ჩვენ ავირჩიეთ, მაგრამ არ გაამართლა და ასე ხომ არ შეიძლება, როდემდე უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, სასწრაფოდ უნდ აჩატარდეს, არაფერს აღარ უნდა დაველოდოთ. ვინც დავრჩით ცოცხლები, დიდი მოჭიდავეები, დიდი ჩემპიონები, ამათგან უნდა შეიქმნას პრეზიდიუმი და ჩვენ უნდა ავირჩიოთ მთლიანად ჭიდაობის ფედერაცია. მე მაგალითად ნომერ პირველ კანდიდატად დავასახელებდი ზურაბ დათუნაშვილს. გარდა იმისა, რომ არის ძალიან ტიტულოვანი მოჭიდავე, განათლებული, წესიერი, პატიოსანი ადამიანი, ასევე მას ძალიან დიდ პატივს სცემენ ევროპაში. ძალიან დაფასებულია საერთაშორისო ფედერაციაში, ვერ წარმოიდგენთ იმხელა ავტორიტეტი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ის დავაყენოთ კანდიდატად და ვეტყვი ამის შესახებ ვეტერან მოჭიდავეებს. ზურა არის ამათგან პირველი დაზარალებული და ყველაზე მეტად სწორედ მას შეეხო ის განუკითხაობა, რაც ამათ დათესეს, სახალხოდ გალახეს და გააქციეს ქვეყნიდან და კი ვნახეთ მერე რასაც და როგორ მიაღწია. ყველაზე მეტად მან გამოსცადა თავის თავზე ამათი არაპროფესიონალიზმი და მათგან გამწარებულია. პირველად ზუსტად ზურაბ დათუნაშვილმა სცადა ჭიდაობის გადარჩენა და ხმა ამოიღო ყველა უსამართლობაზე.  ზურაბ დათუნაშვილს აქვს უდიდესი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზეც და ის დაალაგებს კოლექტივს ჩვენი დახმარებით. ვიცეპრეზიდენტებსაც სახელოვანი, დიდი ჩემპიონები ავირჩევთ. სასწრაფო და აუცილებელია, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეა, რომელსაც ვადა მომავალ წელს ეწურება. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდოაბაში და ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავდა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდნიუმის სხდომიდან გამოაგდეს და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. კურტანიძის აღნიშნულ პოსტს მალევე მოჰყვა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადება, სადაც უწყება აღნიშნავდა, რომ ჭიდაობის ფედერაციის მმართველებს არ აქვთ გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოების წინაშე აკისრიათ. აღნიშნულს მოჰყვა კამათი პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე და ურთიერთბრალდებები ირაკლი მეძმარიაშვილსა და შოთა ხაბარელს შორის. მედიაში ასევე გაჟღერდა მოსაზრება, რომ ჭიდოაბის ფედერაციაში მოსალოდნელია პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ერთ-ერთ კანდიდატად გორის ამჟამინდელი მერი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა. ჩვენთან საუბარში კი ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ, გურამ საღარაძემ, ლეგენდარული, სახელოვანი მოჭიდავეების კანდიდატად, ვეტერანთა კავშირის სახელით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ზურაბ დათუნაშვილი დაასახელა. ზურაბ დათუნაშვილოი 2020 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობდა, რადგან სწორედ ფედერაციის  ამჟამინდელ მმართველობასთან ჰქონდა პრობლემები. 2019 წელს მან ღიად ისაუბრა ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე და მმართველი პირები ნეპოტიზმში, კორუფციაში, ძალადობასა და შანტაჟში ამხილა. 

 

 

You may also like

დატოვეთ კომენატრი