„ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც სიმართლეს დაამტკიცებ, თავისუფალი არჩევნები, სადაც შედეგებს არავინ გააყალბებს, ქვეყანა, სადაც არავის მოუსმენენ, ოჯახს არ წაუბილწავენ, არ დააშანტაჟებენ“ – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა, გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე ექსპრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ოპოზიციური სპექტრი იბრძვის იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი საქართველოში.
„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო, სადაც ვერავინ დაგჩაგრავს, შენ სიმართლეს იტყვი და დაამტკიცებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები, როდესაც მოიგებ არ გაგიყალბოს ფურცლიანმა კოორდინატორებმა და სუს-ის მოგზავნილმა აგენტებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არავის აღარ მოუსმენენ, სულში არავის ჩაუძვრებიან, ოჯახს არ წაუბილწავენ, აღსარებას არ მოუსმენენ და არ დააშანტაჟებენ. დიახ, ასეთი საქართველო გვინდა. თუ რამე თავიდან ვერ, ან არ გავაკეთეთ თავის დროზე, დღევანდელი დღე იყოს პატიების დღე, ამავე დროს დიდი გამარჯვების დასაწყისი. პატიება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გავიმარჯვებთ! გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლება, კეთილდღეობაც და ამ ქვეყნის მომავალი.“ – განაცხადა უგულავამ.