ფრენის სულ მცირე 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ მოითხოვონ კომპენსაცია მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუკი ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად.
“წესის ცვლილების მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვის არსებული პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით, ფრენის სულ მცირე 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ მოითხოვონ კომპენსაცია მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად. აქამდე, ავიაგადამზიდველის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ვრცელდებოდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმების შემთხვევებზე.
წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აეროპორტიდან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იღებენ კომპენსაციას ან დახმარებას ამავე ქვეყანაში’ – წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.