“ქართული ოცნება” 27 ოქტომბერს მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებას გამართავს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ქართული ოცნება” 27 ოქტომბერს მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებას გამართავს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თმით, რამდენიმე ათასიანი შეკრების გამართვის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ “ქართველი ხალხი იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად”.

“არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე. გასული დღეების განმავლობაში პრემიერმინისტრთან ერთად მოვიარე მუნიციპალიტეტები, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური. განწყობა არის საბრძოლო და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა კანდიდატებმა ოცივე მუნიციპალიტეტში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვონ.

ჩვენი პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისა და მობილიზაციისკენ, რათა 2 ოქტომბრის გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე.

ამასთან, გაცნობებთ, რომ ზეგ, 27 ოქტომბერს, 17 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.

ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

You may also like

Leave a Comment