ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა მედიასა და სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ფოტოსურათს, რომელზეც ერთი და იმავე პიროვნების ორი სხვადასხვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იყო ასახული. პირადობის მოწმობებზე ყველაფერი ემთხვეოდა, გარდა მოქალაქის გვარის.
ცესკოს აღნიშნულს მანიპულაციურ ინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ მოქალაქემ ქორწინების შემდეგ გვარი შეიცვალა და აიღო ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
“გვინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთოთ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე.
აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც.
ამ პირს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზიანს აყენებს ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას.
ასევე გვინდა გავაკეთოთ განმარტება კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება მანიპულაციის თემა; საუბარია ამომრჩეველთა ფოტოსურათიან საჯარო სიებზე. შეგახსენებთ, რომ ამ სიების გამოთხოვის უფლება საარჩევნო ადმინისტრაციიდან აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მათ სიები კანონმდებლობის დაცვით გადაეცემათ გამოთხოვის შემთხვევაში. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხთან მიმართებაში” – წერია ცესკოს განცხადებაში.