„სვეტლანა არუთინოვას, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბანში ერთ-ერთი სახლის სარდაფში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, თავშესაფარში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან“ – ამის შესახებ ინფორმაცია სპორტის ჟურნალისტმა, კახა მიხანაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, 70 წლის ქალბატონს სამედიცინო სახის დახმარება ესაჭიროება, თუმცა მისი ბედი დიდად არც სახელმწიფოს აღელვებს, არც გვერდით მყოფ საზოგადოებას.
-„ამ ქალბატონის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ. წარმოუდგენელიც იყო, რომ აქ, ამ სარდაფში, ასეთ გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა ადამიანი. ჩემმა მეგობარმა გაიგო ყვირილის ხმა. შველას ითხოვდა. ადგილზე მისულს საშინელი სურათი დახვდა: ლოგინს მიჯაჭვული ადამიანი, საშინელი სუნი, არც დენი, არც წყალი, არც საჭმელი…
მას შემდეგ სამეგობრო ვცდილობთ დახმარებას, მაგრამ ეს არ კმარა… მივმართეთ ყველა უწყებას, ყველა თავშესაფარს, დავრეკეთ ჯანდაცვის სამინისტროშიც, მაგრამ… მის გადაყვანაზე უარს ამბობენ იმ მოტივით, რომ ქალბატონს დამოუკიდებლად გადაადგილება, თავის მოვლა და ჭამა არ შეუძლია.“ – განაცხადა კახა მიხანაშვილმა „Black on White”-თან საუბრისას.
მისი თქმით, სარდაფში, სადაც ქალბატონი ცხოვრობს, ორი საწოლი დგას. ერთზე თვითონ წევს, მეორეზე – ნივთები ყრია.
„საერთოდ არაფერი აქვს, არც ოჯახი ჰყავს, მასზე არც სამეზობლო ზრუნავს. სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ადამიანია, ასაკოვანი, სიკვდილის პირასაა და ჯერ ვერ გავარკვიეთ, რომელი უწყებაა ამაზე პასუხისმგებელი. ის ჩვენი მოქალაქეა, ახლა მანდატების დახევაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, ასეთ ადამიანებზე უნდა ვზრუნავდეთ. ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ზოგადად, საზოგადოების ნებისმიერი რიგითი წევრიც ვალდებულია, მიხედოს საკუთარ მოქალაქეს! ჩვენ კიდევ უწყებიდან უწყებაში გვაგზავნიან და ამ დრომდე ვერ გავარკვიეთ, ვინ უნდა აიღოს მასზე პასუხისმგებლობა“- აღნიშნა ჟურნალისტმა.
იხ. ვიდეო