პარლამენტის შენობაში მოშიმშილე “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მოინახულა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, მას აინტერესებდა რა პირობებში იმყოფებოდა დეპუტატი.
“უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველა პირობა. აქ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. მაინტერესებდა აკლდა თუ არა პირობები ან ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი, ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება” – განაცხადა კუჭავამ.
ელენე ხოშტარია მესამე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს. მისი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ საავადმყოფოში გადაყვანა. ხოშტარიას პარლამენტის შენობაში ყოფნის უფლებამოსილებას დეპუტატის მანდატი ანიჭებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო, მართალია, მან ამ მანდატზე უარი განაცხადა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ის არ გაუუქმა.