“მიხეილ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა” – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ფაქტზე მოკვლევა იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.
“მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.” -აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ოფიციალურ განცხადებას წინ უსწრებდა მინისტრ რატი ბრეგაძის ანალოგიური შინაარსის განცხადება, რომელიც მთავრობის კაბინეტის წევრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია გახდა. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც ის უწყვეტად შიმშილობს.