ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი – სააკაშვილის მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“სააკაშვილი მოვინახულეთ, გავესაუბრეთ. აპროტესტებს გლდანის ციხეში გადმოსვლას. აგრძელებს შიმშილობას. სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა. უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე” – ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ ღონღაძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გლდანის ციხიდან გამოსულმა განაცხადა.

ღონღაძის თქმით, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტს სხვა პატიმრებისგან საფრთხე არ ემუქრება.

“სააკაშვილი გადმოიყვანეს სასწრაფოს ავტომობილით. ის იმყოფება იზოლირებულ პალატაში. მის პერიმეტრზე პატიმრები არ არიან” – აღნიშნა ღონღაძემ.

​მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიყვანისას მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, რადგან ის პროტესტის ნიშნად ნებით არ გადმოდიოდა.

“სააკაშვილის მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. ის პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადმოდიოდა და ის მანქანიდან ძალით გამოიყვანეს” – განაცხადა ღონღაძემ.

რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს მალევე მოყვა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილმა ძვირადღირებული სამედიცინო ინვენტარი დააზიანა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ​გლდანის ციხის ერთ-ერთი კორპუსიდან პატიმრების შეძახილები ისმოდა. ისინი მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ და გინების შემცველ და უცენზურო ლექსიკას იყენებდნენ. პატიმრები მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ მათი შეძახილები ჩაეწერათ. საპასუხოდ გლდანის ციხის ტერიტორიასთან მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ პატიმრების მიმართ ასევე უცენზურო ლექსიკა გამოიყენა.

You may also like

Leave a Comment