გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ქართველი დიპლომატი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, მუსიკოსი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნი​შნულ ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.

„გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი – გელა ჩარკვიანი. პანაშვიდი დღეს და ხვალ, პეკინის 14-ში. გასვენება ხუთშაბათს, 2 საათზე სახლიდან“  – წერს თეონა ჩარკვიანი.

გელა ჩარკვიანს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

​გელა ჩარკვიანი 1939 პირველ მარტს თბილისში დაიბადა. მისი მამა კანდიდ ჩარკვიანი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტის პირველი მდივანი იყო, დედა კი ოფთალმოლოგი – თამარ ჯაოშვილი.

​გელა ჩარკვიანმა 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის 56-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილებაზე. ის ასევე სწავლობდა ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში და აშშ-ში – მიჩიგანის უნივერსიტეტში.

​გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე მიჰყავდა საავტორო გადაცემა – “გლობუსი”. ათწლეულების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენასა და სოციოლოგიაში თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცეპრეზიდენტი იყო.

​გელა ჩარკვიანი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო საგარეო საქმეთა საკითხებში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2005-2006 წლებში იყო მისი თანაშემწე და პრესსპიკერ. 2006 წლიდან დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო  შემდეგ – ელჩი. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.

გელა ჩარკვიანი დაინტერესებული იყო მუსიკით. მას რამდენიმე მუსიკალური ნამუშევარი აქვს შექმნილი, ასევე 2001 წელს გამოიცა მისი საპორტეპიანო მინიატურების CD. შექმნილი აქვს როკ-ოპერა “ნარგიზა”.  ასევე, ჩარკვინმა თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის “მეფე ლირი”.

​სიცოცხლის ბოლო წლებში ძირითადად დაკავებული იყო წიგნების წერითა და საჯარო ლექციებით. გელა ჩარკვიანს გამოცემული აქვს წიგნები:  “ინტერვიუ მამასთან” ; “ნაგერალა” “ნაგერალა 2”, “ნაგერალა 80” და “ნაცნობ ქიმერათა ფერხული”; “მერმისის ჭაღარა მთვარეები” ; “ENGLISH – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი”.

გელა ჩარკვიანს ჰყავდა მეუღლე ნანა თოიძე და ორი შვილი ირაკლი და თეონა ჩარკვიანები.

You may also like

Leave a Comment