უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გასუვა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის აუცილებლობას, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისი უნდა იყოს.
“პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების დაუშვებლობას. ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილს დედასა და ნათესავებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების განხილვა”. – ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაც, რომელშიც საუბრის დეტალებია განხილული. განცხადებიდან ვიგებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უარი უთხრა ვოლოდიმერ ზელენსკის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ უკრაინელ ექიმებს.
საუბრისას ვოლოდიმერ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.
სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.
საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.