დღეიდან, პირველი დეკემბრიდან, საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდება. მოქალაქეს “მწვანე სტატუსი” მიენიჭება თუ ორი დოზით ვაქცინირებულია; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
კოვიდ პასპორტი საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში ვიზიტისთვის:
• კვების ობიექტები;
• რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
• გასართობი ცენტრები;
• კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
• საკონცერტო დარბაზები;
• სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
• სპა-ცენტრები;
• ფიტნეს-დარბაზები;
• სასტუმროები;
• სამთო კურორტების საბაგირო გზები.
ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.
იმისთვის, რომ მოქალაქის შემოწმება მწვანე სტატუსზე მარტივად მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health.
Georgia e-Health-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც App store-ში, ისე Google store-ზეც. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მოქალაქემ უნდა გაიროს მარტივი რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება. პროგრამაში გამოჩნდება პჯრ ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ ინფორმაციაც.
აპლიკაციის მეშვეობით, რომელზეც მოქალაქის QR კოდები აისახება, შესაძლებელია მწვანე სტატუსის დადასტურება.
CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.
საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს. საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.
აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.