2022 წლის ბიუჯეტით საჯარო სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა იგეგმება. მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელფასები პირველ რიგში მოემატებათ ჯარს, პოლიცას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს და ზოგადად საჯარო სამსახურში ხელფასები 10%-ით მოიმატებს.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ბიუჯეტში, წარდგენილშიც და საბოლოოშიც, წერია, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტში წარადგენს წესს, როგორ უნდა დარეგულირდეს საჯარო სექტორში ხელფასების მატება. მომავალ წელს ეს წინადადება, ეს წესი წარდგენილი იქნება, სადაც საჯარო მოხელეების ყოველთვიური ანაზღაურება დამოკიდებულება იქნება იმაზე, თუ როგორი ზრდა არის კერძო სექტორში. კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს როგორ ეზრდებათ ხელფასები, ამაზე იქნება დამოკიდებული საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა. ძირითადი წესი სწორედ ეს იქნება, საბოლოო ჯამში, ეს მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.