გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 471 ფაქტი გამოვლინეს, აქედან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამავე პერიოდში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 68 ფაქტიც დაფიქსირდა ,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 224 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 61 სამართალდარღვევა, იმერეთში – 39, ქვემო ქართლში – 36, აჭარაშიც – 36, შიდა ქართლში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, მცხეთა-მთიანეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 10, გურიაში კი 9 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 152 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 68 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.