“შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება, ჩვენ ამის ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, მით უმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც ის იმუქრება კიდეც” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ბუნებაში არაა სინანულის განცდა.
“როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ. ამის რესურსი მათ რომ ჰქონოდათ უმძიმეს დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ, რაც 9 წლის მანძილზე ჩაიდინეს და შემდეგ 9 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის დროს“ – განაცხადა კობახიძემ.