“2021 იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ” – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნის საღამოზე განაცხადა.
მან საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა, ხოლო ექიმებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ყველამ ერთად ავანთოთ საზეიმოდ ეს ულამაზესი ნაძვის ხე. ტრადიციულად ნაძვის ხის ანთებით, ჩვენ ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ეს ამავდროულად იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, და ახლა მე მინდა, რომ ყველას გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა, თქვენ და თქვენს ოჯახებს. მივესალმები ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა. მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, ოსეთში, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მინდა, რომ ამ სცენიდან მადლობა გადავუხადო ამ რთულ წელს გაწეული საქმისთვის ჩვენს გმირ ექიმებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას მინდა მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ. ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და ჩვენი გაერთიანების წელი. დიდი მადლობა და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი –