აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, იმედოვნებს, რომ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს და დააბრუნებს ჯარებს 2008 წლამდე არსებულ დისლოკაციის ადგილებზე, რის შემდეგაც შეწყდება ზეწოლა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.
კელი დეგნანმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 3 ადამიანის უკანონოდ დაკავების ფაქტზე ასე უპასუხა:
“ჩვენ ყოველთვის შეშფოთებულები ვართ, როცა ადამიანებს აკავებენ ან ავიწროებენ საოკუპაციო ხაზთან. ეს მიუღებელია, წნეხია. ეს უნდა შეჩერდეს და აუცილებლად შეჩერდება, როგორც კი რუსეთი შეასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, დააბრუნოს ჯარები 2008 წლამდე არსებულ დისლოკაციის ადგილებზე. ეს ძალიან მარტივი ნაბიჯია, რომელიც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რასაც ყველა ელოდება, რათა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების განგრძობადი შევიწროება და ხელი შეუწყოს დისკუსიებისთვის ატმოსფეროს გაჯანსაღებას. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს”. – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ცნობისთვის, 12 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა საუკუპაციო ხაზთან ერთი ადამიანი დააკავეს. ორი დღით ადრე, 10 ოქტომბერს კი მათ ორი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგან ერთ-ერთი სოფელ ბრეთის მცხოვრები მამუკა ჩხიკვაძეა.