ირაკლი ღარიბაშვილი – ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექო ფართოდ გადასწვდება მთელ რეგიონს, ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე

by oninfo.ge
0 comment

„ჩვენ გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებისა და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს.“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და  მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის თქმით, ნატო-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში წარმატებით ვითარდება.

„გამოაშკარავდა, რომ უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ შედგება. შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროატლანტიკური უსაფრთხოების მდგრადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს აქტიურობის ზრდას შავ ზღვაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ. ასევე, მივესალმებით ნატო-ს გადაწყვეტილებას თავისი სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ღია კარის პოლიტიკა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები სათანადოდ აისახება ამ დოკუმენტში. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხი დიდად აფასებს და უფრთხილდება.

საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებისა და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექო ფართოდ გადასწვდება მთელ რეგიონს, ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Comment