სალომე ზურაბიშვილი – როგორიც არ უნდა იყოს პარტნიორების ძალისხმევა, ეროვნული თანხმობა უნდა ვმართოთ ჩვენ

by oninfo.ge
0 comment

შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, არარეალურია გარედან პროცესების მართვის მოლოდინი, რადგან პარტნიორებმა კარგად არ იციან შიდაპროცესები.

„თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო ამაზე გარკვევა, რომ როგორ უნდა შეურიგდე იმას თუ ამას, ან რატომ უნდა შეურიგდე. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება, შედგეს. ცხადია, ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი, მაგრამ აუცილებელია, რათა ეს პროცესი წინ წავიდეს და რაღაც მომენტში შედგეს კონსენსუსი.

დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან პროცესების ისეთი გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ელოდება ასეთ შედეგებს, არარეალურია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მოდელები და არსებობს ბევრი მაგალითი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. საახალწლო მიღებაზე მიწვეული იყვნენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „დროასა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა.

 

You may also like

Leave a Comment